LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი სამხრეთის გაზის კორიდორის მინისტერიალში მონაწილეობს

85

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილმა შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და სულ უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ და ა.შ.  შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს.

მინისტერიალის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ბერატ ალბარაიქსთან და კომპანია “ბიპის” რეგიონალურ პრეზიდენტთან გარი ჯონსთან. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, შაჰინ მუსტაფაევთან, ამავე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროს შევჩოვიჩთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური დესპანისა და კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელ სუე საარნიოსთან.

სამხრეთის გაზის კორიდორით საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები