LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა OECD-თან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა

65

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ანხელ გურიას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და OECD-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ აღმოუჩინა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. გარდა ამისა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა OECD-ის მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის „მწვანე განვითარების“ სტრატეგიის შემუშავებისა და იმპელემენტაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის და ქვეყნის მდგრად განვითარების პროცესს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძირეული სტრუქტურული და ფისკალური რეფორმები, მიმდინარეობს ძირითადი სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე ტარდება მმართველობითი რეფორმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესსა და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა OECD-ის იმ დახმარებისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიან პერიოდში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციას შორის მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება.

„OECD ევრაზიის კვირეული“ წელს პირველად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში და მას რეგიონის 13 სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. კვირეულის ოფიციალურ გახსნაზე, ასევე, მისასალმებელი მოხსენება გააკეთეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა, აგრეთვე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებმა, აზიმ იბროჰიმმა და ნოდირ ოტაჯონოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები