LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ ევროპის თასზე ლუკოილთან 3 ქულით წააგო

47

თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის ლიგაში ჩაერთო. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გამოვარნის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა და ბულგარეთში, „ლუკოილ აკადემიკთან“ პირველი მატჩი გამართა, რომელშიც დაძაბულ ბრძოლაში – 70:73 დამარცხდა.

დინამოელები ჯგუფში რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და ზემოთხსენებულ „ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდნენ. გუნდები ჯგუფში მიმოსვლით, ანუ 2 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც პლეი ოფში 2 საუკეთესო გავა.

ქართულმა გუნდმა პირველი მატჩი სოფიაში, „უნივერსიადა ჰოლში“ ითამაშა და გმირულად იბრძოლა. „ლუკოილ აკადემიკს“ ევროთასებზე თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს და სოფიაში ვინც არ უნდა ჩავიდეს, ტოლსწორად ეთამაშება და უმეტესად იმარჯვებს. „აკადემიკში“ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი თამაშობს და ლეგიონერებითაცაა გაძლიერებული.

 

დინამოელები მატჩის დებიუტში დაწინაურდნენ – 16:11, თუმცა პირველი პერიოდის მიწურულს მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ათწუთეული 21:16 მოიგეს. ამის შემდეგ ბულგარულმა კლუბმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, „დინამო“ კი მდევრის როლში იყო და ხან 2 ქულით მიუახლოვდებოდა მასპინძლებს, ხანაც 11-ით ჩამორჩებოდა.

სწორედ 11 ქულას აგებდა „დინამო“ ბოლო პერიოდის წინ, თუმცა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, დასრულებამდე 3 წუთით ადრე 69:67 დაწინაურდა. თბილისურ გუნდში შედეგიანობით გამოირჩეოდა ამერიკელი ლეგიონერი ლაველ ბოიდი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ლევან ფაცაცია. დასკვნით წუთებზე მასპინძლებმა სიზუსტე გამოავლინეს, „დინამოს“ კი გადამწყვეტი სროლები აუცდა. ბოლო წამებზე, როცა „აკადემიკი“ 73:70 იგებდა, დინამოელებმა ბოლო შეტევაში 3-ჯერ შეუტიეს, თუმცა ვერც ბოიდმა, ვერ ნოდარ გოგოძემ და ვერც ფაცაციამ გამთანაბრებელი ტყორცნები ვერ ჩააგდეს და „დინამომ“ ევროტურნირი ბრძოლაში წაგებული მატჩით დაიწყო.

21 ქულით დინამოელთაგან ლაველ ბოიდი გამოირჩა, ხოლო 20 ქულა ფაცაციას ანგარიშზე დაგროვდა. ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონი მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს თბილისში, რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“ გამართავს.

დინამოელთა ჯგუფის მეორე მატჩში „კლუჟმა“ 21 ქულით – 90:69 დაამარცხა თურქული „ისთანბული“.

ფიბა ევროპის თასი. I ტური. სოფია. 18 ოქტომბერი
აკადემიკი (ბულგარეთი) 73:70 დინამო (თბილისი, საქართველო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები