LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან – რა კურსს ირჩევს მეჭიაურის პარტია?

95

 

“ძალიან ხშირად, როდესაც ვუსმენდი ბატონ თამაზს, ვამბობდი, რომ ამაზე კარგად, ალბათ, მე ვერ ვიტყოდი იმ ტკივილს, რაც მას ტკივა” – ასე განმარტავს ლალი მოროშკინა თამაზ მეჭიაურის პარტიაში გაწევრიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მან რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, მეჭიაურს აქვს ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“თამაზ მეჭიაური არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ოცნებაში კომფორტულად გაეგრძელებინა სადეპუტატო დრო, თუმცა ის მიდის კომპრომისზე კომფორტთან და ირჩევს ბრძოლას. მას აქვს ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირველი, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაშიც არ იგულისხმება არც პროამერიკული, არც პროდასავლური და არც პრორუსული კურსი. თუმცა, ამავდროულად, იგულისხმება კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან” – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე, ქვეყანა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს. კითხვას, რამდენად ადეკვატურია დიპლომატიურ ურთიერთოებებზე საუბარი, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, მოროშკინა პასუხობს, რომ საქართველომ ომით უფრო მეტი დაკარგა და სწორედ ამიტომ, დიპლომატიის გზით უნდა დაიბრუნოს წართმეული.

“ხშირად სვამენ კითხვას, ვის უნდა ვესაუბროთ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ არ დაველაპარაკეთ ამ ადამიანებს, ისე ვერ მოვაგვარებთ ოკუპაციის პრობლემას. ამ დროისატვის, ამერიკას ბევრი სანქცია აქვს რუსეთისათვის დაწესებული, ამიტომ ახლა ომი და გამწვავება ყველაზე ნაკლებად სჭირდება რუსეთს. ძალიან კარგი მომენტია დასალაპარაკებლად” – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

რაც ეხება პარტიის დაფინანსების წყაროებს, ამის შესახებ ინფორმაცია ლალი მოროშკინას, ამ დროისათვის, არ აქვს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ეცოდინება.

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს პირდაპირ ტრაპიდან მოვხვდი პარლამენტში, ახალი დაბრუნებული ვარ საქართველოში. უახლოეს პერიოდში მეცოდინება პარტიის დაფინანსების წყაროები” – განაცხადა მოროშკინამ.