LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს”

89

ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშივილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც მოხდა ლარის დევალვაცია.

„იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი. შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზეც აისახა, ცხოვრების ხარისხზეც აისახა და ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე. მოგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა .

მისივე თქმით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34-დან 44 პროცენტამდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65 – დან 55 პროცენტამდე.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარიზაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58 პროცენტიდან 43 პროცენტმდე არის შემცირებული. თუმცა ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2015 და 2016 წლებში და ის რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობაზე, მათ განკარგვად შემოსავლებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოდგენილი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც გამოეხმაურა. ”აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა – ეს არის სწორედ ის შედეგი, რომლისკენაც მივდივართ”, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები