LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა, ნატო-მ MAP მოგცეთ – მიხეილ ჯანელიძემ და მისმა უნგრელმა კოლეგამ პრესკონფერენცია გამართეს

94

საჭიროა დაიგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაერთიანების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.ჯანელიძე ამბობს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველო მოახერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიებას.

უნგრეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – განაცხადა ჯანელიძემ.

პიტერ სიიარტომ კი აღნიშნა, რომ დროა, ნატო-მ საქართველოს სამოქმედო გეგმა, MAP შესთავაზოს. უნგრელი მინისტრის თქმით, ამის შესახებ შეხვედრაზე ქართველ კოლეგასთან უკვე აღნიშნა.

“ჩვენ ვაღიარებთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ახორციელებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მისიას ავღანეთში, თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქ და გვინდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს და ნატო უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს ბევრად დაჩქარებულად, ვიდრე ახლა ეს ხდება”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები