LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დროა, რაღაც შევცვალოთ… ლიტერატურის სწავლების პრინციპებიც უნდა განვითარდეს”

333

ფილოლოგი გია მურღულია “ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომ საქართველოში ლიტერატურის სწავლებისადმი მიდგომა შესაცვლელია.

მისი თქმით, უმჯობესია სკოლაში ის ქართული ტექსტები ისწავლონ, რომლებიც თვალს უსწორებენ მსოფლიო ლიტერატურის უმთავრეს ღირებულებებსა და განვითარების ტენდენციებს, ეხმიანებიან და გამოხატავენ ლიტერატურული ცნობიერებისა და კულტურის თვალსაჩინოდ მაღალ დონეს.

“ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ქართველი მწერლები. მეტიც – ჩვენ ისინი ერთმანეთზე ძალიან გვიყვარს. იმდენად უკიდურესად, რომ ყველა ერთად უნდა ვასწავლოთ სკოლაში. თუ ვინმე ამაზე “არას” იტყვის (ან – მცირე “არას”, ან – ნახევრად “არას”, ან წარმოსახულ “არას”), ის იქნება მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის მტერი და, საზოგადოდ – ღვთის პირიდან გადავარდნილი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ასწავლიან მშობლიურ ლიტერატურას საგანმანათლებლო თვალსაზრისით წარმატებულ ქვეყნებში – მათ ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. მთავარია, ჩვენი ტრადიციული სიყვარული არ დავარღვიოთ, თუნდაც წაკითხული არ გვქონდეს ჩვენგან შეყვარებული ქართული ლიტერატურა ან, რაც წაკითხული გვაქვს, მაინცდამაინც არც გვესმოდეს.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიკითხოთ, რა არის ლიტერატურის რაციონალური სწავლება და რომელი ტექსტებია საჭირო ამ რაციონალური მიზნების რაციონალურადვე მისაღწევად. მეტ-ნაკლებად კარგად ვინც წერდა, ყველა აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც, ხანდახან ამ მეტ-ნაკლებობას დასანახად ვერ იტანენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და შედარებით ცოტა რომ ვასწავლოთ – არა. ქართველი ბავშვების ცნობიერება უნდა დავტენოთ ქართული ლიტერატურის რაც შეიძლება ბევრი ნიმუშით. რომელიმე მათგანის მიმართ საშვილიშვილოდ დიდი პატივისცემის დადასტურების შემდეგაც კი მისი პროგრამიდან ამოღება რომ მოითხოვოს ვინმემ, ვინ იქნება ის? რა თქმა უნდა, ყოველგვარი ქართულის ბოროტი უარმყოფელი და საპლაკატე იუდა.

დროა, მივხვდეთ, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ. ყველაფერი ვითარდება და ლიტერატურის სწავლების პრინციპებიც უნდა განვითარდეს. უმჯობესია ის ქართული ტექსტები ვასწავლოთ, რომლებიც თვალს უსწორებენ მსოფლიო ლიტერატურის უმთავრეს ღირებულებებსა და განვითარების ტენდენციებს, ეხმიანებიან და გამოხატავენ ლიტერატურული ცნობიერებისა და კულტურის თვალსაჩინოდ მაღალ დონეს.

რომელია ეს ტექსტები და რა საგანმანათლებლო ამოცანები უნდა გადავაწყვეტინოთ მათ სკოლაში სწავლების დროს?

ამაზე ერთად ვიფიქროთ. ბევრი შუბი დაილეწება და ბევრი ნერვიც მოიშლება ამ ფიქრში – ამას ხომ (ისიც, თუ მოვინდომებთ) ჩვენ გავაკეთებთ – ქართველები, მაგრამ ეს იდეა განხორციელებად ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ არანორმალურად ბევრი (ზოგჯერ არასწორად შერჩეული) ტექსტის სწავლებას. ამ სწავლებას დიდი შედეგი არ ექნება (იმის გათვალისწინებითაც, ხშირ შემთხვევაში ვინ ასწავლის).

  1. გავამარტივოთ პროგრამა.
  2. ქართული ლიტერატურა ვასწავლოთ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში.
  3. უარი ვთქვათ ლიტერატურის სწავლების ისტორიზმის პრინციპზე.
  4. დიდი ხანია დადგა დრო, ობიექტურად შევაფასოთ ქართული მწერლობის ნიმუშები – ღირებულებათა პრინციპული გადაფასების დროც დადგა.
  5. შევინარჩუმოთ კულტურული უწყვეტობა (შედევრებს დრო ვერაფერს აკლებს!), მაგრამ მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ ღირებულ თანამედროვე ქართულ მწერლობას – მეტ-ნაკლებად, სწორედ ის გამოხატავს დღევანდელი ადამიანის ფიქრს, განწყობებს, მისწრაფებებსა და სულისკვეთებას.

ობიექტური ფიქრისთვის აკრძალვები არ არსებობს.

სტერეოტიპებისგან უნდა გავთავისუფლდეთ – ისინი მტრობენ განვითარებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია უახლოეს ხანს ამ თემაზე წარმომადგენლობით სამუშაო შეხვედრას გეგმავს. ადგილსა და დროს შეგატყობინებთ.

P.S. შუბები იყიდება უახლოეს მაღაზიებში. მათი დალეწვის დრო ჩართულია ამ პოსტის კითხვის ნებისმიერი მომენტიდან”, – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები