LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლის ფეკალიის აღებისთვის ქუჩაში ტაშს მიკრავდნენ  – ცვლილებები ძაღლის მეპატრონეებისთვის

გამოზაფხულდა, სკვერებში ბავშვების რაოდენობამ იმატა. პატარებისთვის განსაკუთრებით პოპულარული და მშობლებისთვის კი განსაკუთრებით პრობლემური ქვიშაში თამაშია. დღის განმავლობაში ბავშვი ქვიშაში რამდენჯერმე ისვრება, თუმცა მთავარი პრობლემა ის ანტისანიტარიაა, რომელსაც დედაქალაქის სკვერებში ცხოველთა ფეკალური მასები ქმნის. ბუნებრივია, მშობელს უჭირს, ნიჩბებითა და ვედროებით მომარჯვებულ მცირეწლოვანს აუხსნას და გააგებინოს, რატომ არ შეიძლება და რატომ არის საფრთხის შემცველი ქვიშაში თამაში. მშობლების ნაწილი ამ მიზეზით, შვილების სკვერებში გასეირნებას თავსაც კი არიდებს და ათასგვარ ხერხს მიმართავს  ბავშვისთვის სათამაშოდ კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

თამუნა გოგუაძე 2 მცირეწლოვანის დედაა. მის პატარებსაც სხვებივით განსაკუთრებით უყვართ ქვიშაში თამაში, თუმცა დედა ბავშვების სკვერში წაყვანისგან თავს იკავებს.

„ვცდილობ, ბავშვები სკვერში სათამაშოდ აღარ ჩავიყვანო. ქვიშაში, ხრეშში, მთელი სკვერის ტერიტორია ფეკალური მასებით არის სავსე. სწორედ აქედან მოდის ათასგვარი დაავადება, ამიტომ ერთ ხერხს მივმართე – მერვე სართულზე ვცხოვრობ, აივანზე ბავშვებს ქვიშა დავუყარე და სკვერში თამაშის სანაცვლოდ იქ თამაშობენ,“  – ამბობს „ფორტუნასთან“ მშობელი.

გარემოს დაბინძურებისთვის ძაღლების 500-მდე მეპატრონე დაჯარიმდა

ძაღლის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის მიერ ფეკალიით დაბინძურებული გარემო დაასუფთაოს, თუმცა მხოლოდ 2017 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გარემოს დაბინძურებისთვის ძაღლების 500-მდე მეპატრონე დააჯარიმა.

როგორ ჩანს, ძაღლების პატრონების ნაწილს შინაური ცხოველი უნდათ, კარგადაც უვლიან, მაგრამ ამ ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული გარემოს მოვლას საკუთარ მოვალეობად არ თვლიან. თუმცა, ძაღლის ყველა მეპატრონეს ერთად ვერ განვიხილავთ, მოიძებნებიან ისეთებიც, შინაურ ცხოველთან ერთად გარემოზეც რომ ზრუნავენ.

მარი მელიქიშვილს თითქმის 2 წელია, ძაღლი „ბუბუ“ ჰყავს. ცხოველს განსაკუთრებით უვლის, ხშირად ასეირნებს და მისთვის ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული გარემოს მოვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ბუბუ სასეირნოდ მუდმივად დამყავს. როდესაც ძაღლთან ერთად გავდივარ, თან აუცილებლად მიმაქვს პოლიეთილენის პარკები და, თუ ქუჩაში მოისაქმებს, იმ ადგილს აუცილებლად ვწმენდ. მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, ჩემი ქცევა ქუჩაში მოსიარულეებს იმდენად გაუკვირდათ, ტაშიც კი დამიკრეს,“ – იხსენებს „ფორტუნასთან“ მარიამი.

შინაური ცხოველის მიერ გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ძაღლის მეპატრონე საწყის ეტაპზე 8 ლარით ჯარიმდება. თუმცა, თუ შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდება, ჯარიმის ღირებულებაც იზრდება.

ძაღლებისთვის სპეციალური სკვერები გაკეთდება

თბილისში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა.
ცხოველებისთვის საგანგებოდ გამოყოფილ სკვერებში ფეკალიების ურნები, ბარიერები, ცხოველების სავარჯიშოები გაკეთდება, ძაღლის პატრონებისთვის მოსასვენებელი ადგილებიც იქნება. თუკი აქამდე ძაღლის მეპატრონეებს ცხოველის გარეთ გასეირნება ალიკაპისა და საბმელის გარეშე ეკრძალებოდათ, მალე სპეციალურ სკვერებში ძაღლებს ყველანაირი შეზღუდვის გარეშე გაასეირნებენ.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, თემურ ფხალაძის, თქმით, პროექტი უკვე შემუშავებულია და ძალიან მალე განხორციელდება.

„გავაკეთეთ პროექტის ესკიზები, თუ როგორი უნდა იყოს პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასასეირნებელი ადგილები. ახლა რაიონული გამგეობიდან ველოდებით შესაბამის რეაგირებას, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყოს. რაიონულმა გამგეობებმა უნდა მოახდინონ მათი განხორციელება,“ – აღნიშნავს ფხალაძე.

ძაღლებისთვის სპეციალური სკვერების მოწყობას ეწინააღმდეგება საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია. ფედერაციაში ამბობენ, რომ სიახლე ცხოველთა მეპატრონეების უფლებებს ზღუდავს და სპეციალური სკვერების მოწყობის ნაცვლად, აუცილებელია, ძაღლის მეპატრონეებმა ცხოველის მიერ ფეკალიით დაბინძურებული გარემო დაასუფთაონ.

„ასეთი ადგილების შექმნა მეპატრონეების უფლებებს ზღუდავს. ძაღლის გასეირნება ნებისმიერ ადგილას უნდა შეეძლოს პატრონს. მთავარია, გარემო არ დააბინძუროს. გარდა ამისა, სპეციალური სკვერები ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას ხომ არ იქნება და ესეც პრობლემაა,“  – ამბობენ ფედერაციაში.

თბილისში სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ 7 ლოკაციაა შერჩეული: „კუს ტბის“ მიმდებარე ტერიტორია, „ვერის ბაღი“, „მზიური“, „წითელი ბაღი“, „დედა-ენის ბაღი“, პეტრიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის ერთ-ერთი ბაღი. თუმცა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლოკაციების დამატებას გეგმავს.

 გვანცა ბზიავა

პოპულალურები