LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძაღლმა 10 წუთის ინტერვალში 2 ქალი დაგლიჯა” – ქუჩის ძაღლების პრობლემა თბილისში

1338

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა თბილისში კვლავ მწვავედ დგას, რადიო „ფორტუნასთან“ დედაქალაქის რამდენიმე მაცხოვრებელი ამბობს, რომ ძაღლების უმეტესობა აგრესიულია და მოსახლეობას თავს ესხმის.

„საღამოს საათებში სავარჯიშოდ ვიყავი გამოსული, ყურსასმენები მეკეთა და არც გამიგია ყეფით როდის გამომედევნა სამი მაწანწალა ძაღლი. როდესაც მომიახლოვდნენ და წრე შემომარტყეს, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი საფრთხე, თუმცა ვეღარაფრის გაკეთება ვეღარ შევძელი, მიკბინეს, რომ არა უბრალო გამვლელი, რომელიც დამეხმარა, არ ვიცი რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. დამჭირდა ცოფის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება,“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული „ფორტუნასთან“.

 

უპატრონო ძაღლების პრობლემას  უჩივიან დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მაცხოვრებლებიც. როგორც ერთ-ერთი ბინადარი აცხადებს, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება ქუჩის ძაღლებით არის სავსე, მოსახლეობას გარეთ გასვლის ეშინია, რადგან ძაღლები ძალიან აგრესიულები არიან და ერჩიან ადამიანებს.

„ძალიან პრობლემური დასახლებაა. უამრავი უპატრონო ძაღლია, რომლებიც ძალიან აგრესიულია, ერჩიან ადამიანებს, ყოველ დღე გვაქვს გარეთ გასვლის პრობლემა, რადგან გვეშინია ძაღლების. იმდენად აგრესიულები არიან, რომ თავისუფლად გადაადგილება აღარ შეგვიძლია,“ – აცხადებს დიდი დიღმის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.


აღნიშნულ საკითხს ცხოველთა მონიტორინგის საქალაქო სამსახური არეგულირებს. როგორც თემურ ფხალაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, მიუსაფარი ცხოველების შემცირების კუთხით, პოპულაციის სწორად და ჰუმანურად მართვის მიმართულებით ხდება მიუსაფარი ცხოველების დაჭერა.

 

„გადაგვყავს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ცხოველებს პირველ რიგში უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, დგინდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელ და არააგრესიულ ძაღლებს სქესის მიხედვით უტარდებათ ოპერაციები, ხდება ცოფის საწინააღმდეგოდ მათი ვაქცინაცია და მიკედლების სტატუსით ბრუნდებიან უკვე ქუჩაში ან გაშვებული იქნებიან იმ ტერიტორიაზე საიდანაც მოხდა მათი აყვანა. წელს გაკეთდა 4000-მდე ოპერაცია. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის პოპულაციის მართვის სწორი და ჰუმანური მეთოდი. ამ მეთოდით მცირდება მიუსაფარ ცხოველები თბილისის ტერიტორიაზე. იმ მიუსაფარ ცხოველები კი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, დადგენილი წესის მიხედვით, უტარდებათ შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ექვემდებარება ევთანაზიას, დაკბენის შემთხვევაში უნდა მივიღოთ შეტყობინება. ის ადამიანი, რომელსაც შეექმნა პრობლემა, რეკავს 112-ზე და შემთხვევის ადგილზე მიდის სააგენტოს მობილური ჯგუფი, ხდება ვითარების შეფასება, თუ დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა ცხოველი გადაგვყავს მუნიციპალურ თავშესაფარში, მასზე ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა. დაზარალებულს ვაწვდით ინფორმაციას ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ ძაღლი ჯანმრთელია და კარანტინის პერიოდში არ გამოვლინდა რაიმე სიმპტომები, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, აღარ მოუწევს დაზარალებულს ბოლომდე აცრების გაკეთება,“ – აცხადებს თემურ ფხალაძე.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიმართ პრეტენზია აქვთ დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მაცხოვრებლების ნაწილს. როგორც ერთ-ერთი ბინადარი აღნიშნავს, ძალიან ბევრჯერ დარეკეს 112-ში, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი, თუმხა რეაგირება არ მოუხდენიათ.

„გუშინ 10 წუთის ინტერვალში 2 ქალი დაგლიჯა ძაღლმა, დავრეკეთ მონიტორინგის სამსახურში, მოვიდნენ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, თქვეს რომ ვერ იპოვეს ძაღლი, დღეს კიდევ მოვიდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.  უამრავი სატელეფონო ზარის შემდეგ  სპეციალური ბრიგადის გამოგზავნაზე მიდგა საკითხი. ჩემი ოჯახის წევრია დაკბენილი და 100 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ არ გადაჰყავთ ეს ძაღლები,  მოდიან და მიდიან. მივუთითეთ, რომელი ძაღლი წარმოადგენდა საფრთხეს, მაგრამ უშედეგოდ.  არასოდეს არანაირი რეაგირება არ აქვს მონიტორინგის სამსახურს.  ერთი მხრივ, სანერვიულოა ის, რომ ჩვენ უკვე გვეშინია ქუჩაში გასვლა და მეორე მხრივ გვაქვს უსუსურობის და დაუცველობის განცდა, ვიცით, რომ რომც გვიკბინოს ძაღლმა არავის არ აქვს ამაზე რეაქცია და მონიტორინგის სამსახური ვერაფერს ვერ აკეთებს, მართალია ზოგიერთი წაიყვანეს და აცრეს, ახლა ყურზე აქვთ ნიშანი და ვიცით, რომ არ არიან საშიშები, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ძაღლია, რომელიც მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.“

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავის პოზიცია აქვს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსაც. როგორც თემურ ფხალაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, გუშინ ღამით ვერ შეძლეს ძაღლის დაჭერა და გადაყვანა, თუმცა დღეს ეს ძაღლი უკვე გადაყვანილია თავშესაფარში.
რაც შეეხება დარჩენილ ძაღლებს, თემურ ფხალაძე ამბობს, რომ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება სააგენტოს მიერ.

მიუსაფარ ცხოველების საკითხზე კომენტარს აკეთებს ცხოველთა უფლებების დამცველი, ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე. მისი თქმით, საფრთხისშემცველი განცხადებები მხოლოდ ცხოველთა მოძულე ადამიანებისგან კეთდება და როგორც მამალაძე აღნიშნავს, თუ ძაღლის არ გეშინია და თვითონ არ გამოხატავ მის მიმართ აგრესიას, ძაღლი არაფერს დაგიშავებს. გარდა ამისა, ვახტანგ მამალაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცხოველთა ევთანაზიას.

„მონიტორინგის სამსახური თუ დააძინებს ცხოველს, ეს რასაკვირველია დიდი დანაშაულია.  ძაღლს რომ დააძინებ იმის გამო, რომ ეს მოქალაქეს უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ახლა პარლამენტში შედის „ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგიის“ კანონპროექტის სახელწოდებით 19 ორგანიზაცია ერთად ვმუშაობთ ამ თემაზე და იმედია შედეგს მივიღებთ,“ – აცხადებს ვახტანგ მამალაძე.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები