LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალა სჭირდება ნდობას: რა არის ძალადობა და როგორ ებრძვის სახელმწიფო მას (ექსკლუზივი)

462

პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ორდღიანი მედიასემინარი – „ოჯახში ძალადობის თემების მედიაგაშუქება – ქართული რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“ გამართა. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსს მაკა ფერაძეს ვესაუბრეთ:

თემა იმდენად აქტუალურია, რომ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი როგორი მექანიზმები არსებობს სახელმწიფოში იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას. შსს-ს უმთავრეს უფლებამოსილებას წარმოადგენს ებრძოლოს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ძალადობას, გამოავლინოს ფაქტი და აღკვეთოს ის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრიორიტეტულობას კი მისი ფარული და ლატენტური ხასიათი განსაზღვრავს, ოჯახში ძალადობა თავისი ფარული ხასიათიდან გამომდინარე ყველაზე რთულად გამოსავლენი დანაშაულია და სამართალდამცავებს ამ საკითხში განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. შსს-ში წარმოებს საჭიროებების ანალიზი იმასთან დაკავშირებით,თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს პოლიციის მუშაობა, მათი მანდატის აღსრულება და ა.შ. დღის წესრიგში კვლავ დგას მოსახლეობის ინფორმირებულობა ოჯახში ძალადობის ფენომენთან, მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან და იმ უფლებებთან და იმ გარანტიებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს. ოჯახში ძალადობა მიმდინარეობს ყველა დროში, ყველა სოციუმში და ყველა ეკონომიკურ მდგომარეობაში. ძალადობა მიბმულია კაცობრიობასთან, აქ მთავარია როგორ ვებრძვით ძალადობას. 2014 წელს შსს-ს ინიციატივით განხორციელდა ფართო მასშტაბიანი სოციალური კამპანია, რომლის შედეგებიც ხილვადი და ხელშესახებია, ამისი დამადასტურებელია ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები.
ქართული ოჯახის ფენომენი ძალიან მყარია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა გაიაზრებს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ისეთივე რეაგირებაა საჭირო, როგორც ქუჩაში. აღსანიშნავია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობა.
გვაქვს მუდმივი შეხვედრები იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ძალადობის საკითხებზე, პროექტის მიმდინარეობამ გვაჩვენა მედიასთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზების საჭიროება. მედიამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს რას საქმიანობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სემინარში მედია ძალიან აქტიური იყო, მათი ინფორმირებულობა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მოლოდინი მქონდა. მედიის მხრიდან გულისხმიერება და სენსიტიურობა საკითხისადმი ძალიან მაღალი იყო. ინფორმაციის გაცვლა მოხდა როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განვახორციელეთ და რა გეგმები გვაქვს. შეხვედრას დაესწრო შსს მინისტრიც. მთლიანობაში, შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ჟურნალისტებს წარვუდგინეთ ვიდეორგოლიც, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და რა თქმა უნდა ეფუძვნება ნდობას.

რას ნიშნავს ძალადობა?
კანონი გვაძლევს ზუსტ დეფინიციას თუ რა არის ოჯახში ძალადობა. ფართო დეფინიციით ოჯახში ძალადობა არის ერთი პირის მიერ მეორე ოჯახის წევრის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. თუმცა, არის ექვსი ტიპის ძალადობა, ესენია: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და ბოლოს, ძალადობის ახალი ფორმა – უგულვებელყოფა, რომელიც ძირითადად ბავშვების წინააღმდეგ არის მიმართული. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია ”ძალა ნდობას” დაიწყო. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. დაჯილდოვდა ხუთი პოლიციელი, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოცხადდა საჯარო კონკურსი კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და საუკეთესო სტატიის ავტორობისთვის.
გამარჯვებული სლოგანი გახდა #ძალანდობას. ნდობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც სახელმწიფო სთხოვს საზოგადოებას, რომ უფრო მეტად განახორციელოს მანდატით დაკისრებული უფლებამოსილებები. რაც შეეხება ლოგოს, ის ერთი შეხვედვით თითქოს გაურკვეველი ორნამენტია, თუმცა ორ ძლიერ ფიგურას აერთიანებს – არის გაწვდილი ხელი, აქ სახელმწიფო ხელს უწვდის ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს მისგან დახმარება და მასში ინტეგრირებულია ბაფთა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული სიმბოლოა.
გვაქვს ძალადობის ტიპების სტატისტიკური მაჩვენებელიც – ყველაზე ხშირად ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა. ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, მას ჯაჭვური ხასიათი აქვს. როდესაც ოჯახის ერთი წევრი მეორეზე, უფრო სუსტ ობიექტზე ძალადობს, ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს აგრესია გადაქვს კიდევ უფრო სუსტ არსებაზე და ეს არის ბავშვი.

რა მექანიზმები აქვს პოლიციას და როდის დასრულდება პროექტი?
პოლიცია არის პირველადად მორეაგირე უწყება, რომელიც ერთვება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ნებისმიერი გზით გაკეთებული შეტყობინების შემდეგ, ეკიპაჟი ვალდებულია დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება, გადის შემთხვევის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, გამოკითხავს პოტენციურ მსხვერპლს, მოწმეებს და მოძალადეს, თუკი ის ადგილზეა. შეაგროვებს ყველა მტკიცებულებას და ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ დაიწყოს გამოძიება. შემაკავებელი ორდერი არის სამართლებრივი აქტი, რომელსაც პოლიციელი გამოსცემს მოძალადის წინააღმდეგ და უზღუდავს მას გარკვეულ უფლებებს. არის ასევე დამცავი ორდერი, რომელიც ასევე მსხვერპლს იცავს მოძალადისგან.
პროექტი 28 თვის ხანგრძლივობის არის. იმედი გვაქვს, რომ დასრულების შემდეგ გაზრდილი იქნება მიმართვიანობის რაოდენობა და შემაკავებელი ორდერების რიცხვიც. სამწუხაროდ, რეგისტრირებული ფაქტების რაოდენობა, რეალობაში იმ რიცხვის ადეკვატური არ არის, რაც სინამდვილეში ხორციელდება.

სემინართან დაკავშირებით, რომელიც მედიისთვის გაიმართა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ასოცირებულ პროფესორს ნათია კუპრაშვილს ვესაუბრეთ:

სემინარის მიზანი იყო იმ გზების ერთობლივად ძიება, თუ როგორ მოვერიოთ ოჯახში ძალადობის პრობლემას. ვხედავთ, რომ გაიზარდა მიმართვიანობის რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდა. სემინარზე წარმოდგენილი ჟურნალისტები ნამდვილად კარგად აღიქვამენ იმ გამოწვევებს, რაც აქვთ ოჯახში ძალადობის თემების გაშუქებისას. ამ დროს ტრამვას იღებს ის ადამიანი, ვისი ამბავიც განიხილება და ტრამვირდება აუდიტორიაც. ამიტომ, მსჯელობა შეეხო გზების, ხერხებისა და მეთოდების ძიებას, თუ როგორ შეგვიძლია ჟურნალისტებს უკეთ გავაშუქოთ ეს პრობლემური თემა და მეორეს მხრივ ვიზრუნოთ პრევენციაზე.
ჟურნალისტები პრობლემას ძალიან გააზრებულად ხვდებიან, რა თქმა უნდა შეცდომები მოგვდის, მაგრამ მე დავინახე ის, რომ ქართველ ჟურნალისტებს შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. სხვათაშორის შეხვედრა ჩვენი შეცდომების აღიარებით დავიწყეთ და მგონია, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ ყველა ჟურნალისტი ასეთი შემთხვევების გაშუქებისას უფრო დაკვირვებული იქნება. თუ ერთის მხრივ ძალადობა გადამდებია, გადამდებია ოჯახური თანაცხოვრებაც. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ გააშუქოს ისიც, თუ როგორ ცხოვრობენ ოჯახები საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ ხდება მხოლოდ ძალადობა. გადამდებს გავხდით არა ძალადობას, არამედ ტკბილ ოჯახურ თანაცხოვრებას.
სემინარის ფარგლებში ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, ყველა მათგანს დეტალურად გაეცა პასუხი და როდესაც მედია მეტ ინფორმაციას იღებს, საზოგადოებას უფრო მეტს მიაწვდის.
არსებობს ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც კანონში არ გვხდება, ეს არის ძალადობა მედიის მხრიდან. მედია თითქოსდა ნებაყოფლობით, მაგრამ ნამდვილად იჭრება ყველა ოჯახში. აქ მნიშვნელოვანია რამდენად ენდობა მსხვერპლი მედიას, მედიის მხრიდან მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მსხვერპლთა დაცულობაზე ფიქრი. ძალა სჭირდება ნდობას და ნდობას სწორი გაშუქება მოიტანს.

ეკატერინე მაღლაკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები