LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარი საქართველოში – რა ხდება რეგიონებში (ფოტოები)

141

უამინდობა საქართველოში. ძლიერი ქარის გამო, საქართველოში სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  166 ზარი განხორციელდა თბილისიდან, ხოლო 88 სხვადასხვა რეგიონიდან.

თბილისში გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში. მოქალაქეები, ძირითადად, შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.

16:00-დან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა,  გაზის ცენტრალური 5 მილი, 6 სარეკლამო ბანერი.

იმერეთში, სამტრედიის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, სამეგრელო-ზემო/სვანეთში, მესტიის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერმა ქარმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში # 2-ე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თერჯოლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ქარის შედეგად გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ამასთან, მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები საჩხერეში, სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავიდან ჩამოხსნეს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ქალაქ ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე,  ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, გზის სავალ ნაწილზე. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფმა გზის სავალი ნაწილი წაქცეული ხეებისგან გაწმინდა.

 

 

უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

ამავე თემაზე , ვრცლად – როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს – რჩევები

პოპულალურები