ე.წ. კანონიერ ქურდებს საზღვარზე მხოლოდ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში დააკავებენ

88

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ მათზე საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ექნებათ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„საქართველოში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა მოხდება, თუ კი ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში, მაგალითად, დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარშე ხომ ვერ დავაკავებთ? მხოლოდ აღიარების საფუძველზე პირი ვერ დაისჯება. მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა გაიზრდება.

ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოში საზღვრის გადმოკვეთისთანავე აკავებდნენ კანონიერი ქურდობის ბრალდებით.

ამ მუხლით დაკავებულების დიდი ნაწილი 2014 წლიდან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ტოვებდა, რადგან, როგორც სფეროზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ბრალდების მხარეს მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით, ან სტატუსით – „კანონიერი ქურდი“ დანაშაულის მტკიცება უჭირდა.

მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში 10-დან 9 ე.წ. კანონიერი ქურდი გამართლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები