LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სტაიანშიკებს “ბიზნესი” ჩაუვარდათ?! – თვითდასაქმებულები კალაძის ინიციატივას აპროტესტებენ

177

დედაქალაქის მერიამ ე.წ. სტაიანშიკების საკითხის მოგვარება დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. სტაიანშიკების ინსიტიტუტის გაუქმება დაავალა.

ის, რომ აღნიშნული მიმართულებით პრობლემები არსებობს და კერძო პირებს, კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, ეს არახალია და ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

ე.წ. სტაიანშიკები კი წლებია ამ „ბიზნესს“ ეწევიან და ნებაყოფლობით თუ იძულებით, ავტომობილის მფლობელებს ფულის გადახდისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, მძღოლს აქვს თუ არა თბილისის მერიისგან საპარკინგე ნებართვა ნაყიდი. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა „სტაიანშიკები“ მძღოლისგან მიწოდებულ კონკრეტულ თანხაზე მეტს ითხოვენ და კონფლიქტურ სიტუაციებსაც ქმნიან.

მძღოლების ნაწილს მიაჩნია, რომ თვითდასაქმებულები მათ უფლებებს უხეშად არღვევენ და ამასთან, ერთსა და იმავე სერვისში, მანქანის პარკინგში, ფულს ორჯერ – ლეგალურად მერიაში ნებართვის შესყიდვისას და არალეგალურად „სტაიანშიკებთან“ იხდიან. შესაბამისად, ისინი მიესალმებიან დედაქალაქის მერის ამ ინიციატივას. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებიან კანონდარღვევას, ცდილობენ ამ ადამიანებს საარსებოდ მინიმალური ოდენობის თანხით დაეხმარნონ.

თავად კახა კალაძის ამ დავალების ადრესატების ნაწილი, ინიციატივას არ ეთანხმება და აქციების გამართვითაც იმუქრება. როგორც „ფორტუნას“ ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა განუცხადა, „სტაიანშიკობით“ ის, მისი მრავალი კოლეგის მსგავსად, ოჯახს არჩენს და შეუძლებელია, მოქალაქეებს ასე უმოწყალოდ მოექცე.

„ყველას ხომ შია, სამსახური აქვს ყველას? აქ არავის არ ვაძალებთ გადახდას. ვისაც არ უნდა, არაფერს ვეუბნებით. შემოყვანა გაყვანაზე ვეხმარებით. ჩვენ არავის არ ვაძალებთ არაფერს. თვითონ მაძღრები არიან და ასე ორ კაპიკს ვშოულობთ და რა უნდა ვქნათ? მე ერთ წელზე მეტია აქ ვარ. მოვედი და დავდექი. არავინ არ აკონტროლებს ამ ჩემს შემოსავალს. თუ მოვლენ და გამიშვებენ, რას გავაკეთებ და წავა გამოსვლები და აქციები. რას გვერჩიან. ვიპარავთ? ვინმეს ვაყაჩაღებთ? თუ რას?!“ –  აღნიშნა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მერიის ინიციატივას არ ეთანხმებიან, თავად კალაძის ამ მოთხოვნის ესმით და მიესალმებიან.

„ჩვენ არ გვინდა ამ ჭაობში ვიყოთ. ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს რა თქმა უნდა, ჩვენც შევეგუებით, მაგრამ… ინიციატივა კარგია, მარა ასე უცებ არ უნდა მოხდეს, ცოდონი ვართ,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ გია გამგებელმა.

ის ერთ-ერთია იმ „სტაიანშიკებიდან“, რომლებიც წლებია ამ საქმიანობას ეწევიან. მან ვაჟა ფშაველას გამზირზე ეს საქმე 6 წლის წინ დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ყოველდღიურ პურის ფულს, 20-25 ლარს, შოულობს.

„ჩვენი შემოსავალი ესაა და ამით ვარჩენთ ოჯახს, მოვედით და დავდექით, უკვე მე-6 წელია. ყოველდღე აქ ვარ. წვიმიან არაწვიმიან ამინდში და ესაა ჩემი შემოსავალი. არაა კარგი. წარმოგიდგენია მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, რამდენი არიან, უმუშევარ ხალხს ეს უმუშევრები რომ დაემატონ, რა გამოვა?! ჩვენ არავის არ ვავალდებულებთ. შედიან უბრალოდ ჩვენს მდგომარეობაში. ორი წელი მაკლია რომ მივიდე პენსიამდე, აქ გამომსველლი არ ვარ,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ გია გამგებელმა.

გარდა საკითხის დარეგულირებისა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, ამ საკითხზე დროული რეაგირება მოახდინონ და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მონიშვნები მოშალონ.

„ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს,“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები