LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტელები გურულ „სკიჯის სახლში” ისვენებენ

377

გურული საოჯახო სასტუმრო booking.com-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა და უცხოელი ტურისტების ყურადღება უკვე მიიპყრო.  ”სკიჯის სახლს” დასასვენებლად ეგვიპტელი და შვედი მოგზაურები ეწვივნენ.

როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, დაინტერესება დიდია ადგილობრივების მხრიდანაც.

”ხშირია შემთხვევები, როდესაც თბილისიდან საქმიანი ვიზიტით ჩამოდიან გურიაში და სწორედ ”სკიჯის სახლში” თავსდებიან. ქართველებს, ზოგჯერ, უცხოელი ვიზიტორებიც ჩამოყვებიან ხოლმე. ასე რომ, თანდათან ჩვენი საოჯახო სასტუმროს ცნობადობა იზრდება”, – აღნიშნა დარეჯან ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”სკიჯის სახლი” ჯერჯერობით სეზონური სასტუმროა და დატვირთვით, მხოლოდ ზაფხულში მუშაობს. ახლო მომავალში კი მისი 4-ივე სეზონის კლიმატურ პირობებზე მორგება და მოწყობა იგეგმება. იმისთვის რომ, გურულმა საოჯახო სასტუმრომ მსურველებს ზამთარშიც უმასპინძლოს, ”სკიჯის სახლი” სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, მიკრო და მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობს და დაფინანსების მიღებას ელის.

”გარდა ამისა, ვგეგმავთ, აგროტურიზმის მიმართულებით საქმიანობასაც. მოგეხსენებათ, ”სკიჯის სახლის” გარდა ნატურალური სოფლის ნუგბარის მწარმოებელი მცირე საწარმოც გვაქვს. ამიტომ, აგტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვა გვსურს. ისინი შეძლებენ ჩვენს სასტუმროში განთავსებას, ამასთან, სურვილის შემთხვევაში ჩვენივე საწარმოში, წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღებას. ეს მათთვის, ვფიქრობთ, სახალისოც იქნება და საინტერესოც”, – განმარტა ”სკიჯის სახლის” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ”სკიჯის სახლი” გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ის 10 დამსვენებელზეა გათვლილი. როგორც ”ფორტუნას” დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, საოჯახო სასტუმროში ღამის გათევა სტუმარს 60 ლარი დაუჯდება.

”ღირებულებაში შედის 2-ჯერადი კვებაც. ჩვენს დამსვენებლებს 100%-ით ნატურალურ საკვებს ვთავაზობთ, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”სკიჯის სახლი” გამორჩეულია არა მხოლოდ სამზარეულოთი, არამედ გარემოთიც. სახლი სოფლის ცენტრში მდებარეობს და სტუმარს შესაძლებლობა აქვს , დატკბეს გურიის ულამაზესი ბუნებით, გაგრილდეს მთის მდინარეებით.

გურული საოჯახო სასტუმრო ”სკიჯის სახლი”  #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებშიც მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები