LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია “ევროპულ საქართველოს” – ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ საგამოძიებო კომისიაში

40

ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ საგამოძიებო კომისიაში – კომისია თავისი შინაარსით და კანონისადმი უპატივცემულობით ნელ-ნელა სანდოობას კარგავს, – აღნიშნული განცხადებით კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.

ბესელიამ კომისიის სხდომაზე კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და კოლეგები წესების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ანალოგიური შინაარსის კრიტიკული განცხადებები გააკეთეს “ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც.

“ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, რომ თავი მოსამართლე ჰგონია – არც ტონს აქცევს ყურადღებას და არც შინაარსს. ამის დასტურია გუშინდელი დღე, როცა ზვიად კუპრავა მოიყვანეთ. ორი კითხვის გარდა, მისთვის კითხვა არ დაგისვამთ და ვერც თქვენი რეაქცია დავინახე, როცა კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფებს აყენებდა. გუშინდელი გადაწყვეტილებით კომისიამ უმრავლესობით კონსტიტუციას და კანონს გადააბიჯეთ და პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი, მაშინ, როდესაც ამის უფლება არანაირ კომისიას და არავის არ აქვს. ამის შემდეგ მე ნაკლებად გამიკვირდება რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება – მით უფრო, რომ ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს უკვე ვაკეთებთ და არ ველოდებით ადამიანებს, რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება. აქ წესებს ჩვენ ვერ ვიცავთ. იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც შესაძლებელია, რომ კომისიამ შეინარჩუნოს მინიმალური სახე მაინც, რომ ჰქონდეს ლეგიტიმაცია მიიღოს დასკვნა, რეკომენდაცია დადოს და მართლაც შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა, იქამდე აზრს ვხედავ ამ ფორმატში ვიმუშაო. ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ და აზრი არ ჰქონდეს იმას, რასაც წერთ და რასაც აკეთებთ“, – მიმართა ბესელიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.