LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია – „ქართული ოცნების“ ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა

97

უთუოდ მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, არა იმიტომ, რომ კრიზისია გუნდში, როგორც ეს ისმის კომენტარებში ოპონონტების მხრიდან და ასე ნამდვილად არაა, არამედ პარტიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს ასევე საჭიროა საზოგადოებრივი რესურსის, ახალი იდეების და რეფორმების ირგვლივ გაერთიანებისთვის.

,,ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ჩართვა და ეს მხოლოდ სასიკეთოა ქვეყნისთვის. მე მჯერა მას სხვა არაფერი ამოძრავებს, გარდა ქვეყნის სიყვარულისა და მისი მსახურებისა. ვფიქრობ, ეს ეტაპიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.