LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიასათვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

57

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გედევან ფიფხაძესთან საუბარი ვერ მოახერხა.

“ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა და მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება ემოციურად რთული იყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად უნდა გააანალიზოს და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი გედევან ფოფხაძის პოლიტიკურ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის განსაკუთრებული მორალური ღირებულებების მქონე ადამიანია. „ასეთი ადამიანი ცოტაა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. ასეთი ფასეულობების მქონე ადამიანი იშვიათია. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, არამედ ამ გუნდის გამორჩეული ლიდერი. მგონია, რომ საკუთარ პოზიციას გადახედავს, რადგან შედეგები ვნახეთ, რომ ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა. უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია, თუ არ ვცდები, კენჭისყრაში უმრავლესობის 39 წევრი მონაწილეობდა, რაც უმრავლესობა არ არის. გედი ჩემი მეგობარია და ჩემი მეგობარი იქნება ხვალაც, მაგრამ ახლა პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

პოპულალურები