LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია ტელევიზიას ემშვიდობება – რატომ თქვა უარი „იმედის“ ახალ შეთავაზებაზე

39

დღეს ეკა ხოფერიას ჟურნალი „სითი“ გამოვიდა, სადაც სარედაქტორო სვეტში სახელწოდებით „ჩემი ახალი ოთხშაბათი“ იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ტელევიზიას ტოვებს. როგორც ეკა წერს, როგორც კი გავრცელდა ამბავი, რომ ის ტელევიზიიდან მოდიოდა, სატელეფონო ზარები არ შემწყდარა, ამიტომაც ამ ამბის ვრცლად განმარტვა გადაწყვიტა.

„ერთი მთავარი ამბისთვის უნდა მომეფინა ნათელი და გამეცა პასუხი: რამდენად შესაძლებელია გადაცემის დასრულებისა და ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო? „მოიცა, გამოგიშვეს“? „გამაგრდი, შენთან ვართ“, „ალბათ, მაია ასათიანი მართლა გადმოდის „იმედზე“ და ეკას ეწყინა და წავიდა“ (!!!), „ფული აღარ იყო და ვერ ფინანსდებოდა“… ჯვარი მწერია და ცოტათი პანაშვიდსაც კი წააგავდა ყველაფერი და უცებ დავიბენი. მეგონა ის, რაც ჩემში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იხარშებოდა, თქვენც იცოდით, მეგონა, სულ გიზიარებდით და იტყოდით, ჰო, აბა, მართალი ხარ, შენ ხომ სულ გვეუბნებოდიო. დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა, შენ შენთვის რაღაცას ფიქრობ, ან წარმოიდგენ და გგონია, რომ სხვებმაც ასე იციან და ხშირ შემთხვევაში ასე არააო. ჰო, არაა ასე.

მოკლედ, ამბავი ასე უნდა დავიწყოთ: 9 ივლისს 45 წლის გავხდი და საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე: ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე, ეტაპი ტელევიზიის გარეშე. სპონტანურად ცხოვრებაში არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ასე იყო პოლიტიკური ჟურნალისტიკის დასრულების ეტაპზეც. მას მერე ბევრჯერ იყო შემოთავაზება, პოლიტიკურ ჟურნალისტიკას დავბრუნებოდი (მათ შორის, ამ სამიოდე თვის წინ „იმედზეც“), იყო ფიქრი, იყო ცდუნებაც კი, მაგრამ ვერ დავბრუნდი. მინდოდა, ის გადაცემები, რომლებიც ჩემი და, იმედი მაქვს, თქვენი აზრითაც, კარგად გამომდიოდა, დამეტოვებინა ისეთებად, როგორებიც იყო. შესაძლოა, მეშინოდა, რომ ისევე კარგად არ გამოვივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკა აღარც მაინტერესებდა.

მას მერე, ბოლო 10 წელი, სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროექტს ვაკეთებდი და მათი საერთო დახასიათება ასეთია: ეკა ხოფერიას გადაცემა. თავიდან მიჭირდა, ცოტა მივედ-მოვედებოდი, ხან პირდაპირ ეთერში გავდიოდი, ხან ჩანაწერით, ხან საინტერესო გამომდიოდა, ხან – ნაკლებად, თუმცა ერთი რამ იყო ჩემთვის პრინციპული: ჩემებური გადაცემა უნდა ყოფილიყო და პირველ რიგში, თავი უნდა დამერწმუნებინა, რომ ციფრებს (ჩვენებურად კი, რეიტინგს) ასეთი გადაცემებიც დაწერდა. დაწერა კიდეც“, აღნიშნავს ეკა ხოფერია და სარედაქტორო სვეტში იხსენებს ყველა მისთვის მნიშვნელოვან ბოლოდროინდელ გადაცემას. ტელეჟურნალისტი დასძენს, რომ ბოლო გადაცემაში კანარის კუნძულებიდან დაგვემშვიდობება.

„გადავწყვიტე, აქ გავჩერდე, გავჩერდე კარგ ციფრებსა და კარგ თემებზე. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ამოწურულია. ამოწურულია ჩემთვის. ერთისა და იმავეს ტკეპნა რომ დამეწყო და თქვენგან პირდაპირი თუ ირიბი გულისწყრომა მეგრძნო, მაგრად ვინერვიულებდი. გადავწყვიტე და შევხვდი „იმედის“ გენერალურ დირექტორს. გადაწყვეტილება გაუკვირდა, მაგრამ მოისმინა. ახლის დაწყება და მოფიქრებაც შემომთავაზა, მაგრამ კიდევ დავილაპარაკეთ და დამეთანხმა. ერთად სხვა გადაცემებზეც ვიფიქრეთ, ისეთებზე, რომლებსაც შეეძლო, ჩაენაცვლებინა ჩემი საყვარელი ოთხშაბათი საღამოს ათზე. ამ ძიებასა და გზაზე ჩემს ტელეკომპანიასა და კოლეგებს ყოველთვის გვერდში დავუდგები და ვუგულშემატკივრებ.

გამიჭირდება? ალბათ.

მომენატრება? აუცილებლად.

ვინ მომენატრება? მაყურებელი.

რა დამაკლდება? ჩემი ყველაზე მაგარი გუნდი, გუნდი, რომელიც მართლა ჩემს ხელში გაიზარდა და ნებისმიერი ტელევიზიის ყველაზე რთულ გამოწვევებს უპასუხებს. მადლობა მათ იმისთვის, რომ აკეთებდნენ პროექტს „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“.

რატომ მივდივარ? ეს ეტაპი დასრულდა.

სად მივდივარ? ვრჩები მედიაბიზნესში, ბეჭდურ მედიაში, სადაც დიდი და გრანდიოზული გეგმები მაქვს. იქ, სადაც უამრავი ახალი პროექტის გაკეთება მაქვს განზრახული, ნაწილიც – უკვე დაწყებული. იქ, სადაც ჩვენ, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ხმები ჟურნალ-გაზეთების გარდაცვალების შესახებ ძალზე გადაჭარბებულია და ჩვენ, ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტად მოვძლიერდებით. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ციფრები? ციფრები იქნება! ცხოვრების ამ ეტაპზე ორი მთავარი ციფრია: 45 წელი, როდესაც ჩემთვის ცოტათი ახალს – მედიაბიზნესს ვეჭიდები და ციფრი უკვე ტირაჟგაზრდილი „სითის“ თუ ახალი გამოცემების.

დავბრუნდები? ჯერ არ ვიცი. მოსაფიქრებლად თავს ერთწლიანი ვადა მივეცი, მხოლოდ ჩემებს არ უთხრათ, ოჯახში ყიჟინა დასცეს, ეკა დაგვიბრუნდაო!“ – წერს ეკა ხოფერია ტელეგამოსამშვიდობებელ სვეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები