LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას ცხოვრება ტელევიზიის გარეშე: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“

126

ეკა ხოფერიას „სითის“ თბილისობისადმი მიძღვნილ დაჯილდოვებაზე შევხვდით. ტელეწამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც თავად გვითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ოჯახისა და საკუთარი თავისთვის, ბევრი საქმის მიუხედავად, მაინც უფრო მეტი დრო რჩება და სწორედ ამიტომ თავს საუკეთესოდ გრძნობს… ეს აშკარად გარეგნობაზეც დაეტყო…

ეკა, „სითიში“ თქვენი სვეტის წაკითხვის შემდეგ, როგორც ჟურნალისტმა, საინტერესო რამ აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, წლებია, ტელევიზიაში გაატარო და შემდეგ საკუთარი ნებით ძალიან ბედნიერად დატოვო ის… როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თავად თქვით უარი ტელევიზიაზე? მგონი, პირველი ხართ, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა?..

ეკა ხოფერია:

ძალიან კარგი და სრულიად სხვანაირი ცხოვრებაა. პრინციპში, ეს არცთუ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, – ის სწრაფად არ მიმიღია. სადღაც ორი წელი მივდიოდი ამ გადაწყვეტილებისკენ და გარკვეულწილად, ნიადაგსაც ვამზადებდი ამისთვის. მე ვიცი სხვა ჟურნალისტები, მაგალითად, ნინო ქაჯაია, რომელიც აღარ არის ჟურნალისტიკაში, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს. ასე რომ, მე არ ვარ პირველი, თუმცა თუკი ჩემი შემთხვევა ჩაითვლება პრეცედენტად, როგორ შეიძლება, წახვიდე ტელევიზიიდან, წარმატებით აკეთო შენი საქმე და ცხოვრება ბევრად საინტერესოდ გაგრძელდეს, ძალიან კარგი, თუ ამ გზაზე ვიქნები პირველი,  რადგან ეს მართლაც ასეა.

ზოგადად, რაც მე ჟურნალისტიკაში ვსაქმიანობ და ყოველთვის დავრჩები ჟურნალისტად, რადგან ამის გარეშე არ შემიძლია, ყოველ ეტაპზე იცვლებოდა ფორმა, თემატიკა, გადაცემა. ჩემ შემთხვევაში ასეა – რაღაც ეტაპის მერე ახლის დაწყება მსურს. ახლაც მივხვდი, რომ ამოიწურა და დასრულდა, რაც მინდოდა, ყველა გადაცემა გავაკეთე, არ მინდოდა გამეორება, არ მინდოდა, მაყურებელს ერთხელ მაინც ეფიქრა ( შეიძლება, უფიქრია კიდეც), – ეს ხომ უკვე ვნახე, რა დაემართა ეკას!.. არ მინდოდა მაყურებლის გაწბილება.

ჩემთვის გადავწყვიტე, რომ სიახლის დრო დადგა – საკუთარ თავს ვუთხარი, 45 წლის ხარ, ამდენი რამ გიკეთებია, ამხელა გამოცდილება დაგიგროვებია, მიმართე ახლისკენ. ალბათ, მკითხავთ, რა მიმართულებაა ეს – ეს გახლავთ საგამომცემლო საქმე, „სითი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს აერთიანებს. გარდა საგამომცემლო საქმიანობისა, ის მოიცავს ბევრ სხვადასხვა საქმეს, ახალი გუნდის შექმნას, ამა თუ იმ  ბიზნესს, მომავალი თაობის აღზრდას და სხვა.

ერთხელ ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ყოველთვის უნდა დაიწყო ახალი. ჩემთვის ასე უფრო საინტერესოა. ვნანობ კი არა, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, გაასმაგებული ენერგია მაქვს.

მეორეც არის, სულ ვამბობდი, ხომ შეიძლება, ერთი წელი მაინც, შესაძლოა, სრულად არა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი დავუთმო შვილებს-მეთქი.  ისინი ამას იმსახურებენ, ბევრი რამ გამომრჩა, ვფიქრობ, მათ ძალიან ვჭირდები. ამ გზაზე ვარ ახლა, სირთულეებისა და სიახლეების, მაგრამ ისეთი კარგი ამბები მოდის, რომ მავსებს. ყველა მეუბნება, რომ მეტყობა. ეს, ალბათ, შინაგანად მოდის, რადგან ბედნიერი ვარ.

თავიდან, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჟურნალისტების თავყრილობაზე მოვხვდი, სადაც ყველა მამშვიდებდა, ეკა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მივხვდი, რომ ჩვენთან წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტელევიზორში გამოჩენას, რაც არ არის სწორი. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ჩვენს თუ სხვა ქვეყანაში, რომლებსაც ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრების გზა აქვთ და ის არ გადის ტელევიზიის გამოჩენაზე. ნელ-ნელა, შეიძლება ითქვას, ამ სტერეოტიპის მსხვრევაც მიდის, რომ თუ შენ არ ჩანხარ ტელევიზიით, შენ არ ხარ საინტერესო, არ გაქვს საინტერესო ცხოვრება და საქმე. პირიქით, გარკვეულწილად, რაღაც კუთხით, ტელევიზია გზღუდავს კიდეც.

სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა -ახლა უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს?

ჩემთვის ტელევიზიის მიღმა უფრო მეტი თავისუფლებაა. იქ მაინც ჩარჩოში ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა, ყოველკვირეული გადაცემა, რეიტინგზე ფიქრი. ეს არის ერთგვარი ჩარჩო, რომელსაც მიჰყვები, გეპარება ბევრი რამ, ვერ ესწრები უამრავ ღონისძიებას, რადგან დროის დეფიციტს განიცდი. როცა დრო გითავისუფლდება, მას ფანტავ სხვადასხვა მიმართულებით, იგებ ბევრ სიახლეს, იცნობ სხვადასხვა ადამიანს. თუკი ენერგიული ადამიანი ხარ და საქმე გიყვარს, ასეა. ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ, ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, ვამბობდი: მოდი, ერთიც წელიც და მორჩა… (იღიმის). ახლა კი მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

„პატარა ხუჯიკები“, როგორც თქვენს შვილებს ეძახით, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, ალბათ, ძალიან უხარიათ…

(იღიმის) ახლა მათი დღე იწყება იმით, რომ დედა აცილებს სკოლაში. ეს პროცესი ჩემთვის უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი სამუშაო გრაფიკი კი ათის ნახევარზე იწყება. ცოტა მიჭირს იმ კუთხით, რომ სხვებს სძინავთ ამ დროს, მაგრამ ვაღვიძებ, მინდა, ცოტა ჩემს ყაიდაზე გადმოვიყვანო. დღეს ვგეგმავ ისე, რომ ჩაჯდეს გადაღებები, წერილების შემოწმება, პროექტების წერა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში… როცა ჩემი შვილები ბრუნდებიან ექვსის ნახევარზე, მათ ვხვდები. ვცდილობ, მე წავიყვანო სხვადასხვა სექციაზე. მაინტერესებს, როგორ გამოსდით, სად სჭირდებათ ჩემი რჩევა. როცა დაიძინებენ, მერე შემიძლია სადმე გასვლა მეუღლესთან ერთად.

 

უფროს ქალიშვილზე მინდა გკითხოთ. გაგიფრინდათ ბუდიდან სასწავლებლად…

ასე ვთქვათ, ერთად გავფრინდით, რადგან მეც გავყვევი, მან დაიწყო სწავლა ესპანეთში. ეს არ არის პირველი კლასი სკოლაში, მაგრამ მინდოდა, უნივერსიტეტის პირველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაახლოვა. ანანოს შემთხვევაში მართლაც ბევრი რამ გამომეპარა… იცით, როგორ არის? იმის გარეშეც არ შეიძლებოდა, როგორი ცხოვრებაც გავიარე, მაგრამ დღეს არც ერთ პროექტზე აღარ გავცვლიდი ამ ძვირფას მომენტებს. ობიექტურად ვხვდები, ამდენი რომ არ მეშრომა და უდიდესი ენერგია არ ჩამედო ჩემს საქმეში, ვერ მივიღებდი ასეთ გამოცდილებას, ვერ ვისწავლიდი ბევრ რამეს და ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე, ვერ გავიცნობდი ამდენ საინტერესო ადამიანს, არ მექნებოდა მნიშვნელოვანი პროექტები… ეს ყველაფერი მოვიდა, ახლა კი სხვა ეტაპია. არ ვნანობ, ახლა ვცდილობ, ბევრი მიმართულებით, რაც გამოვტოვე, დავეწიო საკუთარ თავს.

წინ უამრავი გეგმა მაქვს, რომლებზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს, მგონია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

ტელევიზიაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

არაფერს გამოვრიცხავ. ასე ჩემთვის დავარქვი ერთწლიანი პაუზა, მაგრამ ის შეიძლება, იყოს უფრო მეტიც. შესაძლოა, 50 წლის ასაკში ისეთი იდეა მომივიდეს, რომ ტელევიზიაში დავბრუნდე. თუ დავბრუნდები, მინდა, სიახლე მქონდეს, ჩემთვის და მაყურებლისთვის. როგორც კი რაღაც იდეები მოდის, ეგრევე ვაგდებ, მაინც სტანდარტული იდეები მომდის, ისევ იქ ვარ, ყოველკვირეულ დაგეგმარებაში (იცინის). მინდა, ახალი გამოცდილება შევიძინო, შემდეგ დავბრუნდე ტელევიზიაში და მაყურებელს ვუთხრა – გამარჯობა, მე თქვენთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი.

თოქშოუს დროს იყო კრიტიკაც, ქებაც. ყველაზე რთულ პერიოდს თუ გაიხსენებთ, კრიტიკას, რომელიც ყველაზე მეტად მოგხვდათ გულზე…

ეკა ხოფერიას თოქშოუში, რასაც მე ვაკეთებ პოლიტიკური გადაცემების შემდეგ, შესაძლოა, იყო შეცდომებიც, ფრაზებიც, რომლებიც არ უნდა მეთქვა, მაგრამ სანანებელი არაფერი მქონია… ყველაფერი, ალბათ, კანონზომიერი გახლდათ – ის შეცდომაც უნდა დაუშვა, არა ფატალური, რა თქმა უნდა, მცირე შეცდომებს ვგულისხმობ. თუკი რაიმე იყო, თავად აღმინიშნავს, რომ რაღაც კითხვა არასწორად დავსვი, მაგრამ ყველა გადაცემა, რომელიც ეთერში მოხვდა, უნდა გასულიყო და ამ წლების მადლიერი ვარ.

როდისმე თუ დადგება თქვენს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი, როცა მხოლოდ დიასახლისი იქნებით?

არა, არაა!.. ახლანდელი ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო დინამიკურია. მე, ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, იმას ვგულისხმობ, რომ ბევრ რამეს ასე ვუყურებ, ადვილად აღარ ვბრაზდები ადამიანებზე, ვცდილობ, მათი შეცდომები გავატარო, მაგრამ რაც შეეხება ცხოვრების წესს, ის აუცილებლად ენერგიული იქნება. სალონში რომ იარო და შემდეგ შინ სადილები აკეთო, მხოლოდ ამისთვის არ ღირს ცხოვრება. ეს ყველაფერი შეიძლება, აკეთო, მაგრამ 21-ე საუკუნეში ცხოვრებას იმდენი ფერი და სიახლე მოაქვს, შეუძლებელია, ეს არ გამოიყენო…

მგონი, მეუღლეც მოგყვებათ ცხოვრების აქტიურ ტემპში…

დიახ, ჩვენ ორივე ძალიან მაღალი ტემპის ადამიანები ვართ. ჩვენი ოჯახური დილა ასეთია, დილით ადრე ვდგებით, ყველა სადღაც გარბის, მეუღლე კლინიკაში, მე – ჩემს საქმეებზე, შუადღეს შეიძლება, სადმე გადავიკვეთოთ. ჩვენი შვილებიც ამ ტემპში არიან ძალაუნებურად ჩართულნი. არ ვგულისხმობ კვირა დღეს, როცა უნდა მოეშვა და დაისვენო…

ბოლოს მინდა გკითხოთ, ფანტასტიკურად გამოიყურებით, რა საიდუმლო გაქვთ?

ჩემი საიდუმლო არის ის, რომ მე წამოვედი ტელევიზიიდან (იცინის). ტელევიზიას სხვა რიტმი აქვს, როცა მას მოშორდები, ბევრი სხვა შესაძლებლობა ჩანს – შეგიძლია, ირბინო, ივარჯიშო და დატკბე საკუთარი ცხოვრებით!.. (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მოლი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები