LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესია განსაცდელში ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა – პრემიერი

88

საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს ყოველთვის სწორედ ჩვენი ეკლესია ასრულებდა გამორჩეულ როლს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ”რედისონში”, საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

” სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენცია საინტერესოდ წარიმართება; გაიმართება სიღრმისეული მსჯელობა დღევანდელობისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის რელიგიის და საზოგადოების ურთიერთობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება ასეთი მართლაც წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია.

” ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.

”ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ. სწორედ ამ განსაკუთრებულ ისტორიას ეძღვნება ის შესანიშნავი გამოფენა, რომელიც მეუფე დანიელმა დამათვალიერებინა. მართლაც უმდიდრესი დაურთულესი ისტორია გამოვიარეთ და ამ ისტორიის პატივისცემა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები