LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: ოპტიმიზაცია აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც

71

აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა თანხების დაზოგვა მოხერხდება.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანხების გადათვლა, თუ რა თანხა დაიზოგება, “ამის თქმა დღეს არის ძალიან ძნელი”.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად, შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ამოცანა ერთი მხრივ, არ არის ადამიანების უბრალოდ სამსახურებიდან გაშვება, თუმცა, ამოცანა რა თქმა უნდა არის, რომ საუკეთესო კადრები ყველა სამინისტროდან იყოს შენარჩუნებულები. ამ კადრებს ჰქონდეთ შესაბამისი დამსახურებისა და კანონმდებლობის მიხედვით ანაზღაურება და ქვეყანამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ. ამიტომ, სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს, სანამ ისინი რეალურად არ დაინახავენ შესაძლებლობებს იმ სინერგიას, რომელიც, რა თქმა უნდა, გაერთიანების წინ მკაფიოდ ჩანს და ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული ციფრების თქმა, რადგან არ ღირს მოსახლეობის თავიდან შეცდომაში შეყვანა, ან არასწორი მოლოდინების შექმნა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები