LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრმა ყავის ახალი საწარმო “მონდო” გახსნა

394

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო ,,მონდო“ გახსნა.

შპს. „ბბ კომპანი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  4 320 000 ლარს შეადგენს.

,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფქვილი დაფასოებული ყავის „მონდო“ წარმოება განხორციელდა. ყავა „მონდო“-ს წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია, მისი რეცეპტებისა და არომატის მიღებაში  იტალიური ყავის ორი უმსხვილესი  ლაბორატორიაა ჩართული. პროცესს დღეს გიორგი გახარიასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორჩი ჩერქეზიშვილი და ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია ადგილზე გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გაცხადებით, ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, შეიქმნა სრულიად ახალი თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება.

,,ამ საწარმოს შექმნაში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,აწარმოე საქართველოში სააგენტოს“ წვლილი გახლავთ მილიონი დოლარის სესხის პროცენტის სუბსიდირება. რეალურად ჩვენ აქ ვხედავთ, რომ შეიქმნა სრულიად ახალი საწარმო, უფრო სწორად გაფართოვდა ბიზნესი, რომელსაც დაემატა ახალი კომპონენტი, ეს გახლავთ ყავის ნულოვანი ეტაპიდან გადამუშავება. კომპანია ყიდულობს ნედლ, დაუმუშავებელ ყავას, იძენს მას ბირჟაზე და მისგან შემდგომ აკეთებს საბოლოო პროდუქტს. შეიქმნა ახალი ბრენდი, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის კაფეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება  საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება.

,,მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მოხდა  დივერსიფიცირება.  კომპანია, რომლის ძირითადი ბიზნესიც გახლდათ ტექნოლოგიების მიწოდება ქსელებისთვის გადავიდა სხვა ბიზნესში და ახლა მზა პროდუქტს აწვდის კომპანიებს,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომპანიის მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა შპს „ბბ კომპანი“ მომავალში პროდუქციის  ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.  საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანი დაასაქმა.

,, დღეს საშუალება გვაქვს, რომ გამოვუშვათ რამოდენიმე დასახელების ყავა. ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ვართ ,,მონდოს“ ბრენდით. მიმდინარეობს  გაფართოება უკვე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჰორეკას სეგმენტი. ეს საქართველოში პირველი, პროფესიული და კვალიფიციური ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ, იტალიურ ყავებს,-‘’განაცხადა BB Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პელანგიამ.

BB Company  ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიული სამზარეულო/ბარის იმპორტს უკავშირდება. საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2017 წელს ყავის საკუთარი საწარმო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. აღნიშნულმა კომპანიამ ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, აიღო მილიონი დოლარის სესხი, სადაც ჩვენ   180 ათასი აშშ დოლარის დაფინანსება განვახორციელეთ. კომპანიამ დაასაქმა 15 თანამშრომელი და ჯამური ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონ 320 ათას ლარს,-‘’განაცხადა ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

ყავის საწარმო „მონდო“-ს მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა, კომპანია მომავალში პროდუქციის  ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.