LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივ სიგარეტზე გაცილებით მავნეა – სპეციალისტები მას სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ

საზოგადოებაში დამკვიდრებული რწმენა, თითქოს, ელექტოსიგარეტი ჩვეულებრივი სიგარეტის ჩამნაცვლებელია და მასზე გაცილებით ნაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მითი აღმოჩნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა, „ფორტუნასთან“ ელექტროსიგარეტის მავნებლობის შესახებ საუბრობს.

სტურუას თქმით, მავნე ნივთიერებები და კარცენოგენები, როგორც ჩვეულებრივ სიგარეტში, ასევე ელექტროსიგარეტშიც დიდი ოდენობითაა და ეს უკანასკნელი ანტიფრიზს და ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდს) შეიცავს, რომელიც სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. ელექტოსიგარეტების დიდი ნაწილი, ასევე, შეიცავს ნიკოტინსაც, რომლისთვისაც მწეველებს თავის არიდება სურთ და, ამ მიზნით, სიგარეტს ელექტროსიგარეტით ანაცვლებენ.

ელექტროსიგარეტში ამაორთქლებელი ელემენტი „ატომაიზერია“ მოთავსებული, რომელიც სითხით გაჟღენთილ ბამბის სპირალს ახურებს, რის შედეგადაც ორთქლი გამოიყოფა. სწორედ ამ ფაქტორის გამო ფიქრობენ მწეველები, რომ სიგარეტის ელექტროსიგარეტით შეცვლა მათთვის მეტად კომფორტული და მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საზიანოა, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ეს დამოკიდებულებაც არასწორია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ელექტროსიგარეტი თავადაც იწვევს მიჩვევას, ერთადერთი დადებითი კი, რაც მის მოხმარებას აქვს, არის ის, რომ ელექტროსიგარეტი პასიურ მოწევას არ იწვევს.

ვინაიდან ელექტოსიგარეტი ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის შედარებით უფრო ახალი სახეობაა, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, მოსახლეობის რა ნაწილი და რა ასაკიდან ეწევა მას, არ არსებობს, თუმცა, ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, 13-15 წლის მოზარდებში 25%-ზე მეტი ელექტოსიგარეტის მომხმარებელია, მათგან 17.7% – ბიჭი, ხოლო 7.7% გოგონაა.

 

„თუკი მოზარდები ადრე ელექტროსიგარეტს  საერთოდ არ მოიხმარდნენ, ახლა  ისინი მოწევას უკვე  არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ელექტროსიგარეტითაც იწყებენ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ლელა სტურუა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თამბაქოს ინდუსტრია თანდათანობით ელექტროსიგარეტის წარმოებზე გადადის, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ როგორც ელექტროსიგარეტის გავრცელება, ასევე მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება.

„მსოფლიო ტენდენცია ასეთია: თამბაქოს ინდუსტრია აპირებს, თანდათან გადავიდეს ელექტროსიგარეტზე. მათი სტრატეგიის მიხედვით, ახლა ვინც ჩვეულებრივ სიგარეტს აწარმოებს, შემდეგში ელექტროსიგარეტის წარმოებაზე გადავა. აქედან გამომდინარე, ელექტროსიგარეტის გავრცელება, ალბათ, გაიზრდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროსიგარეტიც არის ჩვეულებრივი თამბაქოს შემცველი პროდუქტი და საჯარო დაწესებულებებსა და შენობა-ნაგებობებში, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მისი მოწევაც იკრძალება,“ – განაცხადა ლელა სტურუამ.

2018 წლის 15 იანვრის მთავრობის დადგენილების მიხედვით, თამბაქოს მოხმარებაზე ახალი რეგულაციები იგეგმება, კერძოდ, შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს პიქტოგრამები და გამაფრთხილებელი ნიშანი შეფუთვის 65%-ს უნდა იკავებდეს. რაც შეეხება ელექტროსიგარეტს, ამავე დადგენილების თანახმად, მას შეფუთვის საკუთარი წესები აქვს: შეფუთვაში უნდა მოთავსდეს საინფორმაციო ფურცელი, მასზე ტექსტი ორმხრივად უნდა იყოს განთავსებული, ტექსტი ქართულ ენაზე უნდა ეწეროს, თეთრ ფონზე შავი ასოებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე – აფხაზურ ენაზე. შრიფტის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 10. ტექსტი და გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან, არასწორი წარმოდგენის შემქმნელ  ინფორმაციას. ანუ გამოყენებული არ უნდა იყოს სიტყვები: „მსუბუქი“, „რბილი“ და ა.შ. გარდა ამისა, საინფორმაციო ფურცელი უნდა შედგებოდეს 4 ნაწილისგან: რა შემადგენლობა აქვს ელექტროსიგარეტს; გაფრთხილება; ელექტროსიგარეტის გამოყენების და შენახვის პირობები და საკონტაქტო ინფორმაცია.

რაც შეეხება მომხმარებელთა დამოკიდებულებას, ელექტროსიგარეტის ერთ-ერთი მომხმარებლის, ირაკლი ჭიჭინაძის, თქმით, მას აღნიშნული პროდუქტი თამბაქოსთვის თავის დანებებაში ვერ დაეხმარა, რადგან ამისთვის ნებისყოფა არ ეყო. გარდა ამისა, ირაკლიმ ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რაც ელექტროსიგარეტის მოხმარებისას დისკომფორტს უქმნიდა. მისი თქმით, ამ უკანასკნელს ხშირად სჭირდება ფილტრის გამოცვლა, სითხის ჩასხმა, სითხით სიარული, დატენვა. ასევე, ელექტროსიგარეტს აქვს კონდენსატი, რომელიც ხშირად იღვრება და ა.შ.

 

ელექტროსიგარეტს 3 თვის განმავლობაში ვეწეოდი. რეალურად, მან სიგარეტი ჩამინაცვლა და ე.წ. „ნიკოტინშიმშილი“ აღარ მქონდა, თუმცა სიგარეტით მიღებულ სიამოვნებას, რასაც წლების განმავლობაში ვიყავი შეჩვეული, ელექტროსიგარეტით ვერ ვიღებდი,“ – ამბობს ირაკლი ჭიჭინაძე.

 

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ელექტროსიგარეტის კიდევ ერთმა მომხმარებელმა, გურიჩა ქვრივიშვილმა, ჩვეულებრივ სიგარეტს ელექტრო ამჯობინა, ფინანსური მხარეა. მისი თქმით, ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, ელექტროსიგარეტის შეძენა ყოველთვიურად 10-20 ლარით ნაკლები უჯდება.

კვლევების თანახმად, ელექტროსიგარეტი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზრდილთა 10% მას აქტიურად იყენებს, შესაბამისად, მწარმოებელი კომპანიების მოგებაც მაღალია. 2013 წელს, აშშ-ში ელექტრო სიგარეტის ინდუსტრიაში არსებული მთლიანი შემოსავალი 1,75 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს კი 3,5 მილიარდი გახდა.

 

 

თათია კაკიაშვილი