LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი ახალი ავტობუსების ქუჩაში გაყვანას ითხოვს

36

ალეკო ელისაშვილი მერიას ავტობუსების  არჩევნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და  ახალი ავტობუსების ქუჩებში გამოყვანისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადება ელისაშვილმა დღეს დიდი დიღომში მდებარე,  თბილისის  სატრანსპორტო კომპანიასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში MAN-ის კომპანიის მიერ გამოშვებული,  50-მდე ახალი ავტობუსი დგას, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ ჩაშვებულა.

„რატომ ინახავენ ამ ავტობუსებს და რატომ ჰყავთ გაჩერებული? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სექტემბრის ბოლოს ერთბაშად ყველა ავტობუსი გამოიყვანონ და ამით წინასაარჩევნოდ მოიწონონ თავი. ჩემი მოწოდება არის ის, რომ თბილისის მერიამ და ნარმანიამ თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს ქალაქისთვის ერთი ნორმალური რამ გააკეთოს  და მისცეს სატრანსპორტო კომპანიას მითითება, რომ ყველა ავტობუსი ქუჩაში გამოიყვანონ; ხალხს მისცენ კომფორტულად მგზავრობის საშუალება,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ცნობითვე, მერია ავტობუსების გაჩერებას იმით ხსნის, რომ ახალ, ლურჯ ავტობუსებს ადაპტაცია სჭირდებათ.

„სინამდვილეში ეს არის ტყუილები, თბილისის მერია ელოდება სექტემბერს და საარჩევნო პერიოდის გაცხოველებას,“ – აღნიშნა ელისაშვილმა მედიასთან საუბრისას.

თბილისის ქუჩებს 1-ლი იანვრიდან ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა  143 ავტობუსი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები