LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონს სურს, ევროკავშირის მთავარი ენა ფრანგული გახდეს

29

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, ევროკავშირის მთავარი ენა ფრანგული გახდეს. როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, ამის საფუძველი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა უნდა გახდეს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მაკრონმა პირველად 20 მარტს, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს გაასაჯაროვა.

„ინგლისური არასდროს ყოფილა ბრიუსელში ასე ფართოდ წარმოდგენილი, როგორც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ „ბრექსითზე“ ვმსჯელობთ. თუმცა ეს დომინირება არაა გარდაუვალი,“ – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონი მიიჩნევს, რომ 1973 წლამდე არსებული სიტუაცია უნდა აღდგეს, როდესაც ფრანგული ევროკავშირის საქმეთწარმოებაში მთავარი ენა იყო. როგორც მედიასაშუალება წერს, საფრანგეთის ლიდერის ინიციატივას მის გარემოცვაში მომხრეები ჰყავს.

მაგალითად, აპრილში საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ფილიპ ლეგლიზ-კოსტამ უარი თქვა ერთ-ერთ თათბირში მონაწილეობაზე, რადგან ის ინგლისურ ენაზე იმართებოდა. გარდა ამისა, The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მაკრონის მოკავშირე ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერია.

ევროკავშირში ოფიციალურ ენად 24 ენა მიიჩნევა. ამავე დროს, ქვეყნების დონეზე, ინგლისური ოფიციალურ ენად მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და მალტაშია გამოცხადებული.

ამჟამად ინგლისური ენა ევროკავშირის დოკუმენტების 81%-ში გამოიყენება, ფრანგული – 5%-ში, გერმანული – 2%-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები