LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EMC: 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე 30 ადამიანი დაიღუპა

60

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების კონტროლი არ არსებობს და ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკაა შესამუშავებელი.

“ზუსტად იმ შახტაზე, სადაც გუშინ დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე თვის წინ ასევე მოხდა შემთხვევა, როდესაც 4 ადამიანი დაიღუპა. არამარტო ტყიბულის შახტებში, სხვა ადგილებშიც ბევრი ფაქტია ცნობილი და თითქმის ყოველ კვირაში იღუპებიან ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის გულგრილი, სრულიად უპასუხისმგებლო იმ საკითხების მიმართ, რომლებიც აწუხებთ დასაქმებულ ადამიანებს. არცერთ შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მასშტაბი, სტატისტიკა, რაოდენობა და ამ შემთხვევების მიზეზი მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს პილიტიკა და მექანიზმი უსაფრთხოება გააკონტროლოს. ეს ადამიანები შემთხვევით არ იღუპებიან, ეს ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გულგრილი”,- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.

რაც შეეხება გამოსავალს და მსგავსი ფაქტების პრევენციას, ღვინიანიძე ამბობს, რომ უმთავრესია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება.

“უნდა დადგინდეს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული სამუშაო ადგილებისთვის. სახელმწიფომ ასევე უნდა შექმნას კონტროლის იმდენად ეფექტიანი მექანიზმები, რომ საწარმოებს აიძულებს გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკა. მათ შორის შემოწმდეს ტექნიკა დანადგარები, სივრცე, რომელშიც ადამიანები მუშაობენ და ასე შემდეგ”

EMC-ის მონაცემებით შარშან, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ 57 ადამიანი შეადგინა.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტაში გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა. სიანგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.