LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ემილია” და მსგავსი ვიდეოები – რა გავლენას ახდენს ბავშვზე სხვისი გართობის ყურება

ბავშვების გართობისა და თამაშის ამსახველი ვიდეოები, რომლის გადაღებაშიც მთელი ოჯახია ჩართული, 3-7 წლამდე ასაკის მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიდეოებში ბავშვებისთვის ზღაპრული სამყაროა, ზღაპრული სათამაშოებითა და სიტუაციებით. ინტერნეტსივრცეში მსგავსი ტიპის ვიდეოები მრავლადაა, როგორც ქართული, ასევე უცხოური ანალოგებით.

ვიდეოს მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი იღებს, სადაც აღწერილია, თუ როგორ ერთობა მისი შვილი, როგორ თამაშობს კონკრეტული სათამაშოთი, ეს სათამაშო კი ძირითად შემთხვევაში არის ძვირადღირებული. როგორ ჭამს და აჭმევს თოჯინებს, ძერწავს პლასტელებით, უვლის „პაციენტებს“, აუზში ბანაობს, ჭამს კონკრეტული დასახელების ტკბილეულს, კარაქს, ნაყინსა და ა.შ.

მცირეწლოვანი მაყურებელი კი სწრაფად ექცევა გავლენის ქვეშ და მარტივად შესაძლებელია, სწორედ მისგან აიღოს მაგალითი, ზუსტად ის მოქმედებები გააკეთოს, რასაც ვიდეოში ხედავს და მოუნდეს იგივე სათამაშო ან პროდუქცია, რაც ვიდეოშია.

ქართულ ინტერნეტსივრცეში ამგვარი ტიპის ვიდეოებიდან ყველაზე პოპულარული “ემილიას” ვიდეოებია. ემილია ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა, პატარა მაყურებლები მასზე მიაჯაჭვა, მისმა ვიდეოებმა კი უკანა პლანზე გადასწია ტრადიციული მულტფილმები. ბავშვების დიდი ნაწილი მაღაზიაში ირჩევენ იმ კარაქს, ორცხობილას, შოკოლადს და სხვა ტკბილეულს, სათამაშოს, პლასტელსა თუ გასართობ ცენტრს, რაც ემილიაშია ნაჩვენები, ანუ რის რეკლამასაც ის პირდაპირ თუ ირიბად აკეთებს.

 

მშობლები და „ემილიას ტიპის ვიდეოები“

მშობლების ნაწილი შვილებს “ემილიას” და მსგავსი ტიპის ვიდეოების ყურებას უკრძალავს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვინც თანახმაა, მისმა შვილმა ამ ვიდეოებს უყუროს, ოღონდ მშობელს არ შეუშალოს ხელი.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემმა 4 წლის შვილმა ეს ვიდეო  ნახოს. ყველა შესაძლო გზა მისთვის ამ ვიდეოს ჩასართავად დაბლოკილი მაქვს. ყურების შემდეგ, უბრალოდ, ცხოვრობს ემილის ცხოვრებით, ბაძავს. სათამაშოებსაც იმავე სახელებს არქმევს. მამის მეტყველება კი ცალკე საკითხია. უბრალოდ არ მინდა, ჩემმა შვილმა მსგავსი ტიპის მეტყველებისა და შინაარსის ვიდეოებს უყუროს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას სოფო მაისურაძე.

მის მსგავსად ფიქრობს ელენე ჩხაიძეც, რომლის შვილიც, როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, მსგავსი ტიპის ვიდეოების, აკრძალვის მიუხედავად, ჩუმად, დაბალ ხმაზეც კი უყურებს.

„ბავშვის განვითარებასა და ფსიქოლოგიაზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, შესაბამისად, არასწორ და მეტიც საზიანო რჩევებს აძლევს ბავშვებს. განსაკუთრებით პრობლემურია ტკბილეულის გადაჭარბებული შეთავაზხება ბავშებისთვიოს. არაფერს ვამბობ მამის გაუმართავ მეტყველებაზე. არ ვაყურებინებ, თუმცა, იმ ასაკშია რომ ახერხებს, მალულად, დაბალ ხმაზე უყუროს,“ – აღნიშნა ელენე ჩხაიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მშობლები აწყდებიან, არის ის, რომ “ემილიასა” და მსგავსი ტიპის ვიდეობში ნაჩვენები პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, შვილების სურვილის მიუხედავად, ხშირად, მათ არ აქვთ, შესაბამისად, მათი თქმით, ეს ვიდეოები ბავშვებზე ამ მხრივაც უარყოფითად აისახება.

„ჩემს შვილს, ვთქვათ, აქვს დოზირებულად სათამაშოებიც და ქინდერებიც, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა და ვისი შვილიც ამას უყურებს, ხომ დასწყდება გული? არა მგონია სწორი მხოლოდ ამიტომ მაინც ამის ყურება, მის ხარისხს რომ არ შევეხო,“  –  ამბობს „ფორტუნასთან“ ნათია საამიშვილი.

განსხვავებულად ფიქრობს ნინი ბახტურიძე. ის საკუთარ შვილს ხშირად აყურებინებს მსგავსი შინაარსის ვიდეოებს და მოსწონს კიდეც.

„ძალიან კარგია, საყვარელი ბავშვია და კარგადაც გადმოსცემს ხოლმე აზრს. ჩავურთავ ხოლმე ჩემს შვილს და ნახევარი საათი, მინიმუმ, თავისუფალი ვარ. შემიძლია, ვაკეთო ის, რაც მინდა,“ – აღნიშნა მან.

ემილიას ვიდეოებს და მისი უცხოური ანალოგებს YOUTUBE-სა და სხვადასხვა ინტერნეტარხებზე, დღეში რამდენიმე ათასი ნახვა აქვთ. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ბავშვებისთვის მსგავსი ტიპის ვიდეობის ჩართვისას.

მათი თქმით, ვიდეოებში ბავშვისთვის საზიაონო ბევრი  რამაა გაპარული, მათ შორის არასწორი მეტყველება,  სიტუაციის არასწორად გადმოცემა და რაც ყველაზე მთავარია, ამ ტიპის ვიდეოები არის უშინაარსო და არ ავითარებს ბავშვს.

ბავშვთა ფსიქოლოგი ია იაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ “ემილიას” ტიპის ვიდეოებში ბავშვისთვის განმავითარებელ სიუჟეტს ვერ ხედავს და შესაბამისად, მის ყურებას რეკომენდაციასაც ვერ უწევს.

„3 წლის ზემოთ ბავშვები იწყებენ უკვე ერთმანეთთან თამაშს და ეს ბავშვი კი აჩვევს დამოუკლიდებლად თამაშს. არადა, მარტო, ცალკე თამაშის ეტაპი  ბავშვს ამ ასაკში უკვე დაძლეული უნდა ჰქონდეს. ორი ბავშვის თამაში რომ იყოს, კიდევ ჯანდაბას, მამის მეტყველებაა პრობლემა, რომელიც არც გრამატიკულადაა გამართული. რას აძლევს ეს ბავშვს? ეს ვიდეო, უბრალოდ, დროის გაყვანისთვის და გართობისთვისაა, რა დროც ამ ასაკისთვის უფრო მეტი აქტივობითი უნდა იყოს დატვირთული. თვითონ უნდ იღებდეს  აქტივობებში მონაწილეობას. გარდა ამისა, ვიდეო უნდა იყოს შინაარსიანი და განმავითარებელი. “ემილიაში” კი რას ხდავს ბავშვი? ხედავს, რომ ვიღაც თამაშობს,  რაღაცას ახარბებს ვიღაცას.  ძალიან დიდი სურვილი ჩნდება ხოლმე და მშობლებიც წუწუნებენ, რომ ზუსტად ისეთ სათამაშოს ითხოვს მათი შვილი, რაც ემილიას აქვს,“ – აღნიშნა ია იაშვილმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ასეთი ტიპის ვიდეოებს დადებითი შინაარსი, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება დავინახოთ ამაში, არის ის, რომ ბავშვი სწავლობს სხვადასხვა მოქმედებას (როგორ გამოუცვალოს თოჯინას საფენი) და ფერებს.

 

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები