LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეკოლოგიურად სუფთა სკვერი – ”მზის გვირილა” ქუთაისში

238

ქუთაისში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეკოლოგიურად სუფთა სკვერი – ”მზის გვირილა” გაიხსნა.

სკვერში დამონტაჟებულია მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სკამებით, გამწვანებით და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილებით. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული ”დაბალემისიენებიანი განვითარების სტრატეგიის შესაძლებლობათა გაძლიერება სუფთა ენერგიის პროგრამის” მიერ.

პროგრამის ხელმძღვანელების განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების გაწევას.

”ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში იდენტიფიცირება გავუკეთეთ ამ სადემონსტრაციო პროექტს, როგორც ორგანიზაციის სოციალური მარკეტინგის ნაწილს. მერების შეთანხმების ფარგლებში ქუთაისმა ვალდებულება აიღო, რომ 2020 წლისთვის მინიმუმ 20%-ით შეამციროს ნახშირბადის გამოყოფა. მსგავსი ტიპის პროექტები კი ხელს შეუწყობს აღებული ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს კომფორტს მოსახლეობისთვის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ენერგო და ფინანსური რესურსების დაზოგვის კუთხით. გარდა ამისა, არის ძალიან ლამაზი, დეკორატიული, ინოვაციური კონსტრუქცია და ქუთაისი პირველია, სადაც ასეთი გვირილა დგას ქალაქში”, – განუცხადა “ფორტუნას” დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ინგა ფხალაძემ.

”მზის გვირილას” ფურცლების უკანა მხარეს დამაგრებულია 24 ცალი 5.5 ვატიანი მზის პანელი, რომელთა პიკური ჯამური სიმძლავრე 120 ვატია. მათ შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 მობილური ტელეფონის დამუხტვა. აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია მზის ბატარეების საშუალებით იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ სკვერში ხელმისაწვდომი იქნება Wi-Fi და ელექტრონული ბიბლიოთეკა. პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, მსგავსი კონსტრუქციების დამონტაჟება საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

“მზის გვირილის”პრეზენტაციით ქუთაისში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები