LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესის ტურისტულ ცენტრს მსოფლიოში მხოლოდ ერთი ანალოგი ექნება

44

საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა – „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია, კერძოდ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი.

საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ენგურჰესის ტურისტული ცენტრი ნამდვილად იქცევა საქართველოს სავიზიტო ბარათად.

“მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გადარჩენას. სწორედ ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა დღეს საშუალება, ჩვენც მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველა თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური „ენგურჰესის“ შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს”, – განაცხადა პრემიერმა.

ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, რომელიც მრავალი ადამიანის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე – კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.

წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები