LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კონსერვატორიის პედაგოგებს უპირისპირდება – საქართველოში მომღერლებს ხმებს აკარგვინებენ?!.

455

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონიატრი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ირინა ქაცარავა აქვეყნებს სტატუსს, სადაც დეტალურად აღწერს, რას იწვევს კონსერვატორიის პედაგოგების მუშაობა ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტებთან. ექიმი აქვეყნებს ასევე ფოტოებს, რომელთა გამოქვეყნებისგან ეთიკური მოსაზრებების გამო, რადიო „ფორტუნა“ თავს იკავებს.

„კონსერვატორიის პედაგოგები VS თანამედროვე ტექნოლოგიები!

20 წელია, რაც ექიმი-ოტორინოლარინგოლი ვარ, აქედან 10 წელი ვიწრო სპეციალიზაციით, ექიმ-ფონიატრად ვმუშაობ, 6 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონიატრი გახლავართ, პარალელურად ვხელმძღვანელობ საქართველოში და ამიერკავკასიაში ერთადერთ ფონიატრიულ განყოფილებას, რომელიც მდებარეობს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში და აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის აპარატურით. თავად ფონიატრია საქართველოში არ მისწავლია, რადგან ეს დარგი საქართველოში არ არსებობდა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა, რომლის საქართველოში დანერგვაში დიდი წვლილი მიმიძღვის და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები იმას, რასაც ვაკეთებ.

მინდა, გულისტკივილით ავღნიშნო და დიდი იმედი გამოვხატო იმისა, რომ ამ უსამართლობას და პრობლემას წერტილი დაესმევა. ვფიქრობ, პრობლემა ძალიან აქტუალურია ქვეყანაში, სადაც ამდენი ნიჭიერი მომღერალია და ამის გენეტიკური და ბუნებრივი პოტენციალი არსებობს.

არ მინდა, დავკონკრეტდე სახელებით და გვარებით, თუმცა ვიტყვი იმას, რომ დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტების გარკვეული რაოდენობა (ციფრებსაც არ ვასახელებ) დგას სახმო აპარატის სერიოზული დაზიანებების წინაშე, რისი დოკუმენტაციაც, კონკრეტულად ხორხის ვიდეოჩანაწერები არსებობს ჩემს ხელთ. ბევრჯერ მქონდა მცდელობა, მესაუბრა კონსერვატორიის პედაგოგებთან ამის შესახებ, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან ამ პრობლემასთან. მაგრამ მათგან, დღემდე უკურეაქციას, დამცირებას და შეურაცხმყოფას ვიღებ საპასუხოდ. მეტსაც მოგახსენებთ, მათ არ სურთ ჩემთან თანამშრომლობა, მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვფლობ თანამედროვე და ერთადერთ უნიკალურ ტექნოლოგიას, რასაც ხორხის ვიდეოსტრობოსკოპია, ეგრეთწოდებული ხორხის ვიდეოდათვალიერება ჰქვია. შედეგად, ჩვენ საშუალება გვეძლევა ევროპული სტანდარტებით შევაფასოთ სახმო აპარატის მდგომარეობა და დავსვათ ზუსტი დიაგნოზი.

კონსერვატორიის პედაგოგები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ აღიარებენ დიაგნოსტიკის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს, ჩამორჩენილები არიან დროსა და სივრცეში, ეყრდნობიან რა ძველ საბჭოთა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ შემორჩენილ მეთოდებს და შესაბამისად, სტუდენტებსაც მცდარ გზაზე აყენებენ. ისინი თვლიან და მათი პრეტენზიებია: სტუდენტებს არ ესაჭიროებათ მსგავსი კვლევა, რადგან საკუთარი პრობლემის შესახებ სტუდენტებმა არაფერი უნდა იცოდნენ, ჩემგან მოითხოვენ, რომ მოვატყუო სტუდენტი და არაფერი ვუთხრა მათ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, აგრეთვე აღნიშნავენ, რომ თუ სტუდენტებს პრობლემა აღმოაჩნდათ სახმო აპარატზე, არის საშიშროება იმისი, რომ პედაგოგს დაბრალდება, არასწორი ვოკალური ტექნიკის გამო და მათ ამის ეშინიათ.

ყველა საერთაშორისო ფონიატრიული ლიტერატურა მიგვითითებს, რომ არასწორმა ვოკალურმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს სახმო აპარატის დაზიანება და მომღერალს ხმა დააკარგვინოს, რაც ჩემს პრაქტიკაში ხშირია და ყოფილა შემთხვევა, რომ გამღერების შემდეგ სტუდენტს ხმა დაუკარგავს. აღსანიშნავი და სამწუხაროა, რომ ხშირად გამიგია სტუდენტებისგან, პედაგოგები ურჩევენ მათ, არ დაესწრონ ცნობილი, საერთაშორისო დონის მომღერლების ლექციებს თუ მასტერკლასს. ხშირად ვცადე პედაგოგებთან ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ამან არამც თუ შედეგი მოიტანა, არამედ გამოიწვია აგრესია ჩემ მიმართ.

ლიტერატურაში მოგვიწოდებენ და ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც ზუსტად ამას ეფუძვნება, რომ დროულად დიაგნოსტირებული პრობლემა, ადრეულ ფაზაში მოგვარებადია. გარდა ამისა მინდა კვლავ ევროპული სტანდარტი მოვიშველიო, მომღერლებმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ ხორხის საპროფილაქტიკო ვიდეოსტრობოსკოპიული კვლევა, რათა მოსალოდნელი პრობლემა თავიდან იქნეს აცილებული. ამ წერილის ადრესატი აუცილებლად გახდება შესაბამისი უწყებები, მანამდე ფართო საზოგადოებას, მომღერლებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოგმართავთ იაქტიუროთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარებულ იქნას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები