LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის საზაფხულო რეკომენდაციები ორსულებისთვის – შეიძლება თუ არა გარუჯვა და ზღვაზე დასვენება

322

მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე გვესაუბრება იმის შესახებ, ზაფხულში როგორი ტიპის დასვენება უნდა ამჯობინონ ორსულებმა, რას უნდა ერიდონ კატეგორიულად და რა არის დასაშვები მათთვის. ყველაზე მეტი კითხვა ფეხმძიმე ქალბატონებს გარუჯვასთან დაკავშირებით აქვთ, რომელიც, რასაკვირველია, დავუსვით ჩვენს რესპონდენტს.

ალეკო დიაკონიძე:

ორსული ქალბატონებისთვის რეკომენდებულია მთიან კურორტებზე დასვენება, რადგან ისინი ჟანგბადითაა გაჯერებული და აუცილებელია ფეხმძიმე ქალებისთვის. რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას, ორსულისთვის ეს სასურველი არ გახლავთ. თუ მაინც გადაწყვეტენ, ზღვაში ჩასვლის საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეათანხმონ ექიმთან. დიდი ვადის ორსულისთვის არ არის სასურველი ზღვაში ჩასვლა.

რაც შეეხება გარუჯვას, მზის აბაზანები რეკომენდებულია მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში, დილას სანაპიროზე სეირნობა, ათ საათამდე, სასურველიც კია, ვინაიდან ამ დროს ჰაერი იოდითაა გაჯერებული, რაც თავის მხრივ ძალიან სასარგებლოა.

შეიძლება თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა?

ყველა ავიაკომპანიას ამ შემთხვევისთვის თავისი შეზღუდვა აქვს დაწესებული. თუკი ფრენა დიდხნიანია, ავიაკომპანია წყვეტს, რა ვადის ორსულის გადაყვანა შეუძლია და აქვს თუ არა საშუალება, რომ მას, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

ქალაქგარეთ მანქანით გადაადგილებაზე რას იტყვით?

არ არის პრობლემური, თუკი 9 თვის ორსული არ არის და მშობიარობის პერიოდი არ აქვს. თუკი ასეა, ჯობს, იმ ქალაქში დარჩეს, სადაც ექიმი ჰყავს და მშობიარობას აპირებს.

ახლა ვირუსული ინფექციებია საკმაოდ გავრცელებული. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მხრივ საშიშროებაზე?

წითელასა და წუთურას ვირუსები ნაყოფის განვითარების ანომალიას იწვევს, 100%-ით, ამიტომ ძალიან საშიშია. ჩუტყვავილა ორსულებს შედარებით ადვილად გადააქვთ. თუკი ორსულს ვირუსული ინფექცია დაემართება, მის მდგომარეობას ინფექციონისტი მართავს და გადაწყვეტილებასაც ის იღებს. თუკი დაავადების საშიშროება არსებობს, რეკომენდაცია, რასაკვირველია, იზოლაციაა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები