LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – ქეთა თოფურიას პირველი ინტერვიუ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ

132

„ჩემი შვილი მამის ზუსტი ასლია…“

„ვოისის“ ბრმა კასტინგების ჩაწერა გუშინ დასრულდა. „ფორტუნასთვის“ „იმედის“ მუსიკალური პროექტის კარი ექსკლუზიურად გაიღო. გადაღებაზე მაშინ მივედით, როდესაც ჩაწერის წინ მწვრთნელები მუსიკალური ნომრის რეპეტიციას გადიოდნენ, მოცეკვავეებთან ერთად. მათ შორის ეთიოპიელი გოგონაც იყო, რომელიც ზედმეტად ღია სამოსში მშვენივრად გამოიყურებოდა. რეპეტიციის დასრულების შემდეგ მწვრთნელები გამოსაცვლელად გაეშურნენ. ჩვენც ამ ამბით ვისარგებლეთ და ქეთა თოფურიას საგრიმიოროში აღმოვჩნდით, სადაც მომხიბვლელ მომღერალს მაკიაჟს უკეთებდნენ.

ქეთა ძალიან მხიარულად შეგვხვდა და ინტერვიუზე დაგვთანხმდა, საიდანაც გავიგეთ, რომ მისი „ვოისის“ მწვრთნელად ჩამოსვლაში დიდი წვლილი პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ შეიტანა.

ქეთა, შენი „ვოისი საქართველოს“ მწვრთნელად ჩამოსვლას არავინ ელოდა. ძალიან დაკავებული ხარ და როგორ დაგითანხმეს?

ქეთა თოფურია:

„ვოისს“ პროტეჟეობა გაუწია ნატო დუმბაძემ. მით უმეტეს, აქ არის გვანცა კილასონია და მითხრეს, რომ პროექტს საუკეთესო გუნდი ჰყავდა. იყო კარგი შემოთავაზება და დავთანხმდი დიდი სიამოვნებით.

რაც შეეხება მუსიკალურ კონკურსებს, ტელეშოუში არა, მაგრამ კონკურსებზე ვყოფილვარ ჟიურის წევრი, ამიტომაც აქამდე მქონდა რაღაც გამოცდილება.

ბრმა კასტინგებზე რამდენიმე პროფესიონალი მომღერალი ვნახე. დღეს კი უფრო და უფრო კარგ მონაწილეებს ველოდებით. 12 ადამიანის აყვანის უფლება გვაქვს. ძალიან მძიმე იყო გუშინდელი კასტინგი, რადგან თითქმის ყველა ნიჭიერია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ გამოვიდა ბევრი ერთნაირი მონაწილე, ამიტომაც არ ვტრიალდებოდით და არა იმიტომ,  რომ კონკურსანტი არ მოგვეწონა.

დღეს ბოლო დღეა და ამ დღისთვის შემოვინახე საკმაოდ ბევრი ადგილი (იღიმის).

რა სირთულეებია კიდევ ამ პროექტში, გარდა იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოდის და თან, „ბრმად“ აფასებ?

ძალიან რთულია დამშვიდობება კონკურსანტთან, რომელსაც არ შემოუტრიალდი, მძიმეა აუხსნა, რატომ არ აირჩიე ის. მგონია, რომ კოლეგისგან კრიტიკის მიღება არ არის ადვილი, ბევრი ბრაზდება. მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, დამწყები შემსრულებელი, შენიშვნას მივიღებდი და გავითვალისწინებდი. მივუთითებთ ზუსტად იმაზე, რაც აკლიათ. კარგი იქნება, თუ შენიშვნებს ყურადღებით მოისმენენ, გამოასწორებენ და შემდეგ კასტინგებზე აუცილებლად მოვლენ. მით უმეტეს, ბევრი ძალიან ახალგაზრდაა.

ვფიქრობ, ბრმა კასტინგი არჩევანს აადვილებს, რადგან ვოკალს უფრო დიდი ყურადღებით ისმენ.

ქეთა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიე ამ სფეროში, დამწყებ მომღერლებს სამი რჩევა გაუზიარე…

თუკი კონკურსზე ვისაუბრებთ, მომღერალი აუცილებლად უნდა იყოს 100 %-ით დარწმუნებული საკუთარ თავში, რადგან პატარა ნერვიულობა, მოლოდინი, მიკროფონთან მუშაობის მიუჩვევლობა, ყველა ეს ფაქტორი გამოსვლაზე მოქმედებს. როცა ადამიანი კანკალებს, ხმაც უკანკალებს (იღიმის). როცა ვნერვიულობ, მეც ძალიან მიჭირს სიმღერა. ზოგს ნერვიულობისას ხმა უწყდება, არამომღერლებსაც.  ეს ყველაფერი ძალიან ჩანს შესრულებისას, მათ შორის დეტონაციებიც.

მეორე ისაა, რომ უნდა იყოს რაღაც, რითაც გამოირჩევი, ასე ვთქვათ, პატარა პეწი უნდა გქონდეს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ბევრი ერთნაირი კონკურსანტი გამოვიდა და არ შევუტრიალდით.

მესამე ისაა, რომ ქუჩაში რომ დგახარ და სიგარეტს ეწევი, რაც გაცვია, ის უნდა განსხვავდებოდეს სცენაზე გამოსასვლელი კოსტიუმისგან. ბევრს ვხედავ, როგორც ქუჩაში დადიან, ისე გამოდიან სცენაზე. გასაგებია, რომ კასტინგია ჯერ, მაგრამ შემსრულებელს თავიდანვე უნდა ჰქონდეს ეს თვისება. ზოგიერთ კონკურსანტზე, რომელსაც არ შევუტრიალდით, გული დაგვწყდა, რადგან ძალიან კარგი ვიზუალით გამოირჩეოდნენ, ეტყობოდათ გემოვნება და იყვნენ მოვლილები.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სჭირდება მომღერალს, ეს არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი და აუცილებელია შრომისმოყვარეობა.

როგორ შეუთავსებ „ვოისს“ და შენს საქმიანობას ერთმანეთს?

მომიწევს აქეთ-იქით ფრენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მიხარია, რომ ამ კოლექტივში არიან ისეთი ადამიანები, რუსა ბახტაძე, რუსა მორჩილაძე, რომლებიც მწვრთნელებს მოგვეხმარებიან. მათ ვენდობით და გემოვნებაც დაახლოებით ერთნაირი გვაქვს, სწორად ხედავენ, ვინ რა უნდა იმღეროს. ზუსტად იგებენ, რა უნდა მწვრთნელს.

შენი გოგონას, ლივის დატოვება, ალბათ, ძალიან გიჭირს… გვითხარი, როგორი პატარა გყავს?

პირველა დავტოვე ამდენი ხნით. ძალიან მიჭირს. ვცდილობ, არ ვიფიქრო, მაგრამ რა დამავიწყებს? ბრმა კასტინგებზე რომ ვზივარ, პარალელურად ტელეფონისკენ მეპარება თვალი, რომ ლივის ფოტოებს შევხედო ან ოთახის კამერით ვნახო, რას შვრება იმ დროს. ჩემი კოლეგები კი დამცინიან. ძალიან რთულია.

ჩემი შვილი მამამისის ზუსტი ასლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩემკენაც წამოვა (იცინის).

პ.ს. ფოტო ეკუთვნის გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები