LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – როგორი იქნება „თბილისობის“ გალაკონცერტი – დეტალები პროექტის ავტორისგან

63

17 ოქტომბერს „თბილისობის“ აღსანიშნავად გალაკონცერტზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია შედგება. „მუსიკალური ტრანსფორმაციების“ ავტორი, მიშა მდინარაძე ამბობს, რომ ის მთლიანად თბილისურ მუსიკას დაეთმობა.

 

 

მიშა მდინარაძე:

„თბილისობის“ გალაკონცერტი 17 ოქტომბერს, მეიდანზე გაიმართება. საღამოს 9-დან 10-ის ნახევრამდე დაიწყება, ზუსტ დროს ჯერჯერობით ვერ გეტყვით. პროექტის ავტორი მე გახლავართ და მისი სახელწოდებაა „მუსიკალური ტრანსფორმაციები“. აქ წარმოჩენილი იქნება თბილისური მუსიკა, ძველი, ქალაქური, კლასიკური, თანამედროვე კომპოზიტორების მიერ დანახული.

დაგისახელებთ კომპოზიტორებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ, იქნება ჩემი, ასევე დავით მალაზონიას, აჩიკო გიორგობიანის, ზაზა მარჯანიშვილის, დათო ევგენიძის ნაწარმოებები. ოპერისა და ბალეტის ორკესტს მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს, მონაწილეობს ბენდიც… როგორც ყოველთვის, თბილისში ერთმანეთს აღმოსავლეთი დასავლეთი შეხვდებიან. ჯგუფი „ირიაო“ ასევე გახლავთ ერთ-ერთი მონაწილე.

 

სოლოშემსრულებლები?

სოლოშემსრულებლები არ არსებობენ, კონცერტს სხვანაირი კონცეფცია აქვს, თუმცა ყველაფერს ვერ გაგიმხელთ და რეპერტუარსაც სიურპრიზად დავტოვებ (იღიმის).

ამ პროექტის განსაკუთრებული ნაწილია ის, რომ აჟღერდება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც თბილისში ნახევარ საუკუნეზე მეტია, არავის მოუსმენია. აღმოჩნდა, რომ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ მათზე დაკვრა.

 

26 მაისის გალაკონცერტზე, სადაც თქვენ მონაწილეობდით, ხმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები იყო. ამ ღონისძიებაზე როგორ აპირებთ ამ საკითხის გადაჭრას?

ჩვენ არჩევანში შეზღუდულები ვართ, აქ კანონმდებლობა მუშაობს, მერიას ერთ-ერთ კომპანიასთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის შეცდომები აღარ გამეორდება და ამას ყველანაირად შეეცდებიან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ცდას არ დავაკლებთ, რომ ჩვენი შრომა ისევ წყალში არ ჩაიყაროს, რაც წინა კონცერტზე მოხდა. ამდენი ვიშრომეთ და ვერავინ ვერაფერი გაიგო… იმედია, ამჯერად ყველაფერი რიგზე იქნება.

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები