LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ ბენე „ქართულ ხმებთან“ თანამშრომლობას გეგმავს

99

ამერიკელმა რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელმა, ერიკ ბენემ საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და ქვეყანა შესანიშნავი შთაბეჭდილებებით დატოვა. „სოლოს“ მოწვევით ჩამოსული მომღერალი, რომელიც საქართველოს საკუთარ ბენდთან ერთად ეწვია, ქართველი მსმენელის წინაშე ორი კონცერტით წარდგა, ერთი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშ გაიმართა, მეორე – სასტუმრო „რუმსის“ ულამაზეს ეზოში.

ერიკ ბენემ თაყვანისმცემლებს წარუდგინა კომპოზიციები, რომელთაც ყველა ჩვენგანი ელოდა, მათ შორის იყო ცნობილი „Why you follow me“, „Georgy porgy“ და ა.შ. ამ უკანასკნელი სიმღერის შესრულებისას, ბისზე გამოსულმა მომღერალმა ბერა ივანიშვილი იხმო სცენაზე და ერთ-ერთი მისამღერი მას შეასრულებინა. ბერა ერიკ ბენეს ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ. შემსრულებელმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებდა ნომერში ჯდომას და აინტერესებდა ქალაქის დათვალიერება, კულტურის გაცნობა და ქართული სიმღერის მოსმენა.

14463708_1334407036599703_1026682890_nქართულ კულტურას ის და მისი ბენდის წევრები „ქართული ხმების“ კვარტეტმა აზიარა. ინტერნეტში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ერიკ ბენე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როდესაც ქართულ სიმღერებს ისმენდა.

ახლახან კი „ქართული ხმების“ წევრმა, დათო არჩვაძემ დადო ბენესთან ერთად გადაღებული ფოტო და დააწერა, რომ ამ სურათის გადაღებისას ისინი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს სახავდნენ.

„სტინგი არ ვიცი, მაგრამ ერიკ ბენესთან უკვე მოვრიგდი სიმღერის ჩაწერაზე. პ.ს. საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ! წინა პოსტისგან განსხვავებით, დღეს 25 სექტემბერია“ – აღნიშნავს კომპოზიტორი.

ფორტუნა“ დათო არჩვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ერიკ ბენეს მენეჯერმა მათი დისკები წაიღო და კონტაქტებიც გამოართვა და ბენე მართლაც აპირებს „ქართულ ხმებთან“ კოლაბორაციას. „ისეთი შოკი მიიღო, რომ ვუმღერეთ, უნდა გენახათ, რა სჭირდა. იტირა. ცრემლები მოსდიოდა“, აღნიშნა დათომ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები