LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ ბენეს თბილისური ვიზიტის შესახებ – რა პროგრამა შეადგინეს მომღერლისთვის

81

23 და 24 სექტემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და „რუმსში“ ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ერიკ ბენეს კონცერტები გაიმართება. რიტმ ენდ ბლუზისა და სოულის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.

„Solo“-ს წარმომადგენელი, ეკა დუჩიძე „ფორტუნას“ ესაუბრა და ერიკ ბენეს კონცერტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

„გადავწყვიტეთ, ასეთ დიდ კონცერტებზე დასწრების საშუალება არა მხოლოდ „სოლოს“ მომხმარებელს მივცეთ. 23 სექტემბრის კონცერტზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერიკ ბენეს კონცერტზე მათაც შეუძლიათ დასწრება, ვინც არ გახლავთ „სოლოს“ მომხმარებელი. მეორე დღეს კი, „რუმსში“, ღია ცის ქვეშ გასამართ ღონისძიებას მხოლოდ „სოლოს“ მფლობელები დაესწრებიან.

სასიხარულოა ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ერიკ ბენემ თავად გამოთქვა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი. ამ ბოლო დროს საქართველო ძალიან პოპულარულია. „სოლოს“ ჰყავს მეგობარი, სერგი ნაკაიძე, მისი საშუალებით დავუმეგობრდით კრის ბოტის. კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის შემდეგ, დაგვირეკა სერგიმ და გვითხრა, რომ მას დაუკავშირდა ერიკ ბენე და გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი. თავად მსმენელზეც არის ეს დამოკიდებული. ვიდეომიმართვაში ერიკ ბენე ძალიან თბილად მოიხსენიებს ქართველ მსმენელს, ვიცი, რომ კარგი ქვეყანაა და ძალიან გიყვართ რიტმ ენდ ბლუზი და სოულიო. ასეთ შეთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდით, თანამშრომლობა შედგა (იღიმის).

რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, დღესაც ვისაუბრეთ ამაზე, საათნახევრის განმავლობაში იქნება სცენაზე, ჩამოდის 9-კაციან ბენდთან ერთად. ერიკ ბენემ იცის ის ჰიტები, რომლებიც პოპულარული იყო საქართველოში და არა მარტო, ამიტომაც მათ შეასრულებს ახალ სინგლ „Sunshine“-თან ერთად“.

კითხვაზე, რას ითხოვს ბენე, როდესაც საქართველოში ჩამოვა, ეკა დუჩიძემ უპასუხა: „მითხრეს, რომ ხორცს არ მიირთმევს, მხოლოდ თევზს. შესაბამისად, ვერ გასინჯავს ხინკალს, მაგრამ გასინჯავს ხაჭაპურს (იღიმის). „სოლოს“ შემსრულებლებს შორის არ ყოფილა განსაკუთრებული მოთხოვნა, ერთადერთი გახლდათ სტინგი, რომელიც ორჯერ იყო გოგირდის აბანოებში, საკუთარი სურვილით.

რაც შეეხება ერიკ ბენეს, არაფერი გამორჩეული არ მოუთხოვია. 22-ში გამთენიისას ჩამოდის. მთელი დღე აქვს, გვეწევევა „სოლოს“ ლაუნჯში, ჭავჭავაძეზე, გადავიღებთ ფოტოებს, დაათვალიერებს ძველ თბილისს, თუ იქნება დრო, მცხეთასაც ვაჩვენებთ“.

ბილეთების ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი. შეგიძლიათ, შეიძინოთ ფილარმონიის სალაროებში, „სოლოს“ ოფისებში და საიტზე tkt.ge.

ნინო მურღულია

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები