LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერისთავების სასახლე კარალეთში – მოსახლეობა შენობის უფუნქციოდ დატოვების გამო წუხს [ვიდეორეპორტაჟი]

ჯერ სასახლე, შემდეგ სკოლა, ბოლოს კი სამოქალაქო კლუბი – ყველა ამ ფუნქციის შესრულება სოფელ კარალეთის ცენტრში მდებარე შენობას სხვადასხვა ეპოქაში უწევდა. ახლა ძველი სასახლისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი. შენობას დღეს აღარც სახურავი აქვს, აღარც მყარი კედლები და ნანგრევების გამო იქ ასვლა სარისკოა.

კარალეთის მოსახლეობა შენობის უფუნქციოდ დატოვების გამო წუხს. მათი თქმით, იმ პერიოდში, როცა შენობა სამოქალაქო კლუბი იყო, არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო წრე ფუნქციონირებდა: ჭრა-კერვის კურსები, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, კლუბს საკუთარი თეატრალური დასიც ჰყავდა და ადგილობრივებისთვის ფილმების ჩვენებაც იმართებოდა ხოლმე.

გორის გამგეობაში აცხადებენ, რომ შენობისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ის რეკონსტრუქციას დაექვემდებარება. არქიტექტორების თქმით, სივრცე საშუალებას იძლევა, სპორტული კომპლექსი აშენდეს და ის სხვა ფუნქციებიც შეითავსოს, რომელიც სამოქალაქო კლუბს არც ისე შორეულ წარსულში ჰქონდა.

ამ გზით, გორის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, გორის რაიონის არაერთი სოფლის ახალგაზრდები კვლავ შეძლებენ, ამ ადგილას სპორტით  დაკავდნენ და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო წრეზეც იარონ.

“ფორტუნას” გადამღები ჯგუფი შენობის ისტორიით დაინტერესდა და ერისთავების სასახლის დასათვალიერებლად გორის რაიონის სოფელ კარალეთს ესტუმრა.

 

თათია კაკიაშვილი