LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ კანონდარღვევებზე განმარტებას აკეთებს

98

საქართველოს ეროვნული ბანკი სს “კაპიტალ ბანკისთვის” ლიცენზიის გაუქმების გამო, განმარტებას აკეთებს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფულის გათეთრების აღმკვეთი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევების გამო, ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიცენზიის გაუქმების თუ სხვა საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ფაქტები განვითარებულ ქვეყნებშიც ფიქსირდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომკონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევის ფაქტების გამოვლენა და ლიცენზიის გაუქმება დაუშვებელია რომ განზოგადდეს საფინანსო სისტემაზე და ტენდენციად აღიქვან.

”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

ეროვნული ბანკი, დისტანციური ზედამხედველობის და ადგილზე ინსპექტირების გზით, სისტემატურად ამოწმებს დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სტრუქტურებს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის გარანტი, თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დადებითად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “კაპიტალ ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

სს “კაპიტალ ბანკის” შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი – დეპოზიტართა მოთხოვნები.