LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

46

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 14 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

სებ–ის განმარტებით, გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით,  ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება“, – განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები