LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

197

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, “საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამიერიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს დაცული – ესქრო – მომსახურება შესთავაზონ.

იმისათვის, რომ ამ მომსახურების ფარგლებში გარიგების მონაწილე მხარეებმა მიიღონ მაქსიმალური დაცვა, ესქრო მომსახურებამ უნდა დააკმაყოფილოს ანგარიშების გახსნის ინსტრუქციაში გაწერილი შემდეგი მოთხოვნები:

✓ესქრო მომსახურების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები უნდა განხორციელდეს ლარში.

✓მომსახურება დაკავშირებული უნდა იყოს უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან.

✓მომხმარებლისათვის დაცული ესქრო მომსახურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირობებით განხორციელებული ესქრო მომსახურების შემთხვევაში, მონაწილე მხარეები დაცული იქნებიან როგორც უშუალოდ გარიგების მხარეების ასევე, სხვა გარეშე რისკებისაგან.

ცვლილებების ამოქმედებამდე, კომერციული ბანკებისთვის არ იყო შეზღუდული ესქრო მომსახურების განხორციელება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მომხმარებლების მომსახურების ფარგლებში ისეთ დაცულობას, როგორიც ეს ლარით ესქრო მომსახურების განხორციელებისას გახდება შესაძლებელი, რაც, თავისთავად, მომხმარებლებში ლარისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

რა გულისხმობს ესქრო მომსახურება?
მომსახურება, რომლის დროსაც ფული, ფინანსური ინსტრუმენტი ან აქტივი, ხელშეკრულების მხარეების მითითებით, არის მესამე მხარის მფლობელობაში, სანამ მესამე მხარე – ესქრო აგენტი, არ მიიღებს მხარეებისგან მითითებას მათ გადაცემაზე, ან არ შესრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ესქრო მომსახურება არის ყიდვა-გაყიდვისას არსებული გადახდის და საკუთრების უფლების გადაცემის რისკის დაზღვევის სამართლებრივი მექანიზმი.

დაწვრილებით, ექსრო მომსახურების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ხშირად დასმული კითხვების  რუბრიკაში.