LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდები დაიწყო – ძველი ჩვევები და ახალი მოლოდინები “უმაღლესში მოსახვედრად”

მოლოდინითა და შიშით სავსე თვალებით, ქერათმიანი, საშუალო სიმაღლის გოგონა პატარა ჯიხურებს შორის ნერვიულად დადის, ხელში თეთრი ქაღალდი უჭირავს, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს და ტუჩებს იკვნეტს. მასთან ახლოს მდგომი ასაკიანი ქალბატონი გოგონას მოძრაობებს თვალს აყოლებს, ეღიმება, „ნერვიულობ, დედი?“ – ეკითხება. გოგონა საპასუხოდ იღიმება, დედა ახლოს მიდის, წარბებს ხელით უსწორებს. „ნუ გეშინია, მთავარია არ ინერვიულო,“ – ამშვიდებს დედა და შუბლზე კოცნის. გოგონას დედის სიტყვებზე რეაქცია არა აქვს და ჯიხურებს შორის სიარულს განაგრძობს, თან ცალი ხელით შუბლზე მომდგარ ოფლის წვეთებს იწმენდს.

ქერა გოგონასგან განსხვავებით, ნერვიულობა არ ეტყობა იქვე, ხის ძირში, არხეინად ჩამომჯდარ ბიჭს, ხელში ტელეფონი უჭირავს, თავზე მდგომი ასაკიანი ქალბატონისა და მამაკაცის რჩევა-დარიგებები კი აშკარაა, ერთ ყურში შესდის და მეორედან გასდის…  შეგონებებით დაღლილი ბიჭი ფეხზე დგება, „ხურდა მომე რა, წყალს ვიყიდი,“ – ეუბნება კაცს, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ჭკუას არიგებდა. მამაკაცი ჯიბიდან 2-ლარიანს იღებს, ბიჭს აწვდის და თან უკმაყოფილო სახით თავს აქეთ-იქეთ აქნევს. „სულ ტყუილად ველაპარაკებით ამ ვირიშვილს,“ – ეუბნება მის გვერდით მდგომ ქალბატონს. ბიჭის ადგილზე ჯდება, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს, სიგარეტის ღერს ცეცხლს უკიდებს და თან ჯიხურთან წყლის საყიდლად მდგომ ბიჭს გაბრაზებულ მზერას არ აშორებს.

თუ ერთხელ მაინც მსგავს სიტუაციაში მოხვედრილხართ, რთული გამოსაცნობი არ იქნება, სად შეიძლება, გადააწყდეთ ამდენ დაღლილ, იმედიან, არაფრისმთქმელ თუ შეშინებულ შვილებისა და მშობლების თვალებს – დიახ, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო რკინის ჯებირებით არის შემოღობილი, რკინის ჯებირებით არის დაკეტილი ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის შესასვლელიც. მეტი უსაფრთხოებისთვის ეზოს შიგნით საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები დგანან. ეზოში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ჯიხურია ჩადგმული. როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც მოვაჭრეებს გადაუწყვეტიათ, გამოცდების ხარჯზე, რაც შეიძლება, მეტი მოგება ნახონ და 50-თეთრიან წყალს ორმაგ ფასში ყიდიან, დასიცხული და განერვიულებული ხალხი კი ზედმეტად გადახდილ თეთრებს არ დაეძებს და ჯიხურებთან ხალხის სიმრავლეა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო ხალხით არის სავსე, აბიტურიენტზე მეტი გულშემატკივარია. მოსწავლეები მშობლებთან, დედმამიშვილებთან, ბებია-ბაბუებთან, ნათესავებთან თუ მშობლების მეგობრებთან ერთად საგამოცდო რეგისტრაციის დაწყებას ელოდებიან.

„დღეს ჩამოვედი სოფლიდან, ძმაკაცის ბავშვი ინსტიტუტში აბარებს და გამოცდა აქვს,“  – 40 წლამდე მამაკაცი ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრება და მეგობრის შვილის წარჩინებულ მოსწავლეობაზე სიამაყით საუბრობს.

შვილიშვილით ამაყია მოხუცი ბებოც, რომელიც იქვე, ხის ძირშია ჩამომჯდარი და აშკარაა, ყველაზე მეტად ნერვიულობს. „ვნერვიულობ, აბა, როგორ? ცოცხალი ბიჭი კია, კარგად სწავლობდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობ,“ – ამბობს ბებია და წინ მდგომ შვილიშვილს სიამაყით უყურებს.

თავად აბიტურიენტები ემოციებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ, – ზოგს ქცევებში ეტყობა ნერვიულობა, ზოგს თვალებში, ზოგი ნერვიულობის ნიადაგზე მუცელს იტკიებს, ზოგი მეხსიერებას უჩივის და წუწუნებს, რომ ყველაფერი დაავიწყდა. გამოცდაზე შემსვლელებში შეხვდებით ისეთებსაც, მშობლების დაჟინებული თხოვნით რომ აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და არც საგამოცდო პროცესსა და არც შედეგებს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს. ეს მხოლოდ მშობლებს უნდათ, სხვების მსგავსად, მათ შვილსაც აუცილებლად ჰქონდეს დიპლომი.

სანამ მე აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების ემოციებს ვაკვირდები, 8 საათი გახდა და საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებმა რკინის ჯებირთან გადაინაცვლეს და საკუთარ რიგს მოთმინებით ელოდებიან, მათგან განსხვავებით, მოთმინებისა არაფერი ეტყობათ მშობლებს. „კარგად დაფიქრდი და ისე დაწერე“, „არ იჩქარო, დრო ბევრი გაქვს“, „გამოცდიდან ადრე არ გამოხვიდე, თორემ მოგკლავ“,  – ისმის მშობლების შეძახილები.

აბიტურიენტები რკინის ჯებირს შიგნით შედიან და, როგორც იქნა, მშობლების შემაწუხებელ შეძახილებს თავს აღწევენ. ახლა უკვე საკუთარი თავის ბატონ-პატრონები მხოლოდ თვითონ არიან. ზედმეტ ნივთებს შენობის შესასვლელში მდგომ თაროებთან აბარებენ და რეგისტრაციის გავლამდე შემოწმებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან გადიან. პატრულის თანამშრომლები აბიტურიენტებს იქვე მდგომ მაგიდებთან აგზავნიან. მაგიდებთან ახალგაზრდა გოგონები, წითელ მაისურებში გამოწყობილები სხედან, მათთან მისულ აბიტურიენტს საგამოცდო სექტორსა და ადგილს ეუბნებიან და მომღიმარი სახით წარმატებებს უსურვებენ. ბავშვები ყველა შემოწმების გავლის შემდეგ კიბეებისკენ მიდიან.

რა ხდება იმ კიბეების ავლის შემდეგ, რომელსაც აბიტურიენტები სწრაფი ნაბიჯით ადიან, მხოლოდ მათთვის არის ცნობილი. ეზო კი ისევ გულშემატკივრებითაა სავსე. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 4 საათის განმავლობაში გრძელდება. ამ 4 საათის განმავლობაში გულშემატკივრების ნაწილი ხის ძირში ჩამოჯდა, ნაწილი მანქანებში ჩასხდა, ნაწილი კი მზეში დგას, ოფლს ხელით იწმენდს და შენობის ფანჯრებს, სადაც, სავარაუდოდ, აბიტურიენტები უნდა ისხდნენ, დაჟინებული მზერით შეჰყურებს.

დრო იწელება, სიცხე მატულობს, გამოცდის დაწყებიდან, დაახლოებით, საათნახევარი გავიდა და შენობის კართან პირველი აბიტურიენტი გამოჩნდა. ბიჭი ეზოში მდგარი ხალხისკენ კმაყოფილი სახით მოდის. მარტივი იყო, ყველაფერი კარგად დაწერა. ბიჭი რკინის ჯებირებთან მდგომი ხალხის შეკითხვებს მოკლედ პასუხობს და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ბედნიერად აგრძელებს გზას.

„ნეტა ესე მალე რა დაწერა?“, „რა ვიცი, კმაყოფილი კი ჩანდა,“ – ისმის სხვადასხვა კომენტარები.
დროის გასვლასთან ერთად გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების რიცხვი თანდათან მატულობს. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები გაოგნებული სახით იყურებიან, „რა ქენი,“ „როგორ დაწერე“, „რთული იყო“, – ესმით გარშემო. „ოღონდ ახლა თავი დამანებეთ“, – თითქმის ყველას სახეზე ერთსა და იმავეს წაიკითხავ. ერთნაირი პასუხებიც: „რთული არ იყო, კმაყოფილი ვარ“.

ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოს აბიტურიენტები გულშემატკივრებთან ერთად ტოვებენ. 2 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე ნაკადის ბავშვებისთვის არის გამოცდა. უნივერსიტეტის ეზოში სხვა აბიტურიენტები სხვა გულშემატკივრებთან ერთად მოდიან, მხოლოდ სახეები იცვლება, ვითარება  უცვლელია…

გვანცა ბზიავა 

 

პოპულალურები