LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ ფერში შეღებილი ზღაპრული ქალაქები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს

426

მართლაც საინტერესო სანახავია ერთ ფერში შეღებილი ქალაქები და თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ შვებულება, შეგიძლიათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ქალაქებს ესტუმროთ.

ჯაიპური – უდაბნოში ჩაკარგული, ვარდისფერ ქალაქად წოდებული ჯაიპური რაჯასტჰანის შტატის ადმინისტრაციოული ცენტრია. ქალაქის ნაგებობათა უმეტესობა 1727 წელს, სავაი ჯაი სინგჰომ მეორეს მმართველობის ეპოქაში ვარდისფერი ქვიშაქვისგან აშენდა, რამაც ჯაიპურს მომხიბვლელობა შემატა და მის სავიზიტო ბარათადაც იქცა.

მარაკეში – მაროკოს ყოფილი დედაქალაქი თავისი მასშტაბებით ქვეყნის მეოთხე ქალაქად ითვლება. თუ აღმოსავლური ზღაპრები მოგწონთ, მაშინ დროა მედინა – ქალაქის უძველესი ნაწილი მოინახულოთ და აღმოსავლურ ბაზრებთან ერთად უძველესი მარაკეშის წითელი თიხით აგებული არქიტექტურული შედევრები დაათვალიეროთ.

ბოლონია – სწავლული ბოლონია, წითელი ან ნარინჯისფერი ბოლონია – იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს უამრავი სახელი აქვს. ემილია-რომანიას რეგიონის ბოლონიაში ყველა ნაგებობას ტერაკოტას ფერი აქვს, ქუჩების განლაგება კი, იმდენად მოხერხებულია, რომ უბრალოდ შეუძლებელია დაკარგვა. სხვათაშორის, აქვეა 1088 წელს გახსნილი, მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი, ამიტომ ქალაქში უამრავი სტუდენტია, რომლებიც დილას ლექციებზე ჩქარობენ, საღამოს კი, ბარებს სტუმრობენ „აპეროლ შპრიცის“ დასაგემოვნებლად.

იზამალი – ყვითელ ქალაქად წოდებული ქალაქი, მექსიკის იუკატანის შტატში, ადმინისტრაციული ცენტრიდან 66 კილომეტრშია. პატარა ქალაქში ყველა სახლი ყვითლადაა შეღებილი, ვიწრო ქუჩებში კი, სამბორბლიანი ველოსიპედები დაქრიან. იზამალი, თავისი 15 ათასი მოსახლით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის, რომლებიც ქალაქ მაიას ტომის შემორჩენუილი ტრადიციების გასაცნობად სტუმრობენ.

სიდი-ბუ-საიდი – ტუნისის ერთ-ერთ ულამაზეს და ყველაზე რომანტიკულ ქალაქში შენობები თეთრ და ცისფერ ფერშია გაფორმებული. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ქალაქში მდიდარი ფრანგი ბარონი დასახლდა, რომელმაც მეზობლებს სახლების თეთრსა და ცისფერ ფერებში შეღებვა შესთავაზა, აფრიკის მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად. ადგილეობრივები იმდენად გაიტაცა იდეამ, რომ მას შემდეგ ქალაქში არცერთ სხვა ფერს აღარ სცნობენ.

შეფშაუენი – კიდევ ერთი მოცისფრო-მოლურჯო ქალაქი მაროკოს ჩრდილოეთ-დასავლეთშია. როგორც ამბობენ, შუასაუკუნეების ესპანური ინკვიზიციის დროს, ებრაელმა ლტოლვილებმა სწორედ შეფშაუენს შეაფარეს თავი და სახლების ცისფერი კირით შეღებვა დაიწყეს, რათა საკუთარი დასახლება დანარჩენებისგან გამოეყოთ, თუმცა მალე, მათ მთელი ქალაქი შეუერთდა, რომელთაც ძალიან მოეწონათ ახალი ფერი და სწრაფად გადაღებეს საკუთარი სახლები ცისფრად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები