LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი შანსი სააკაშვილის უკრაინიდან მიღება იყო – გია ხუხაშვილი

105

“დიპლომატიური შეურაცხყოფა” – ასე აფასებს  ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებას.  ის “ფორტუნასთან” ამბობს, რომ “უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ვერმიღებით საქართველოს პოლიტიკამ და სამართალმა სრული კრახი განიცადა”.

გია ხუხაშვილი: როცა ქვეყანა დამნაშავის ექსტრადირებას ითხოვს და ამ ქვეყანას ეუბნებიან, რომ ეს კაცი მეც არ მომწონს, ჩემი მტერია, მაგრამ შენ სამართალს იმდენად არ ვენდობი, რომ შენთვის მაინც არ მემეტება და დეპორტაციას ვაკეთებ სხვა ქვეყანაში, ამას შეურაცხყოფის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ეს ფიასკოა, როგორც ჩვენი პოლიტიკის, ასევე სამართლის.

  • თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არც ქართულ და არც უკრაინულ მხარეს სერიოზული ბრალდებები მის მიმართ არ ჰქონდათ და ამიტომ მისი ექსტრადირების ეშინიათ. 

გია ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, ის ყველაფერს ილაპარაკებს. უკრაინის ხელისუფლება სინამდვილეში დრო და დრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის მორიგი რეაბილტიაცია მოხდეს და მთავარი ნიუსმეიქერი გახდეს. კვირების განმავლობაში არ ჩამოდის მისი ამბები საქართველოში, უკრაინაში და არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. ახლა გინდა გიჟი, ოდიოზური ეძახე, ფაქტი ფაქტად რჩება.

ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ გაორებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, სურვილი იმის, რომ დაესაჯათ სააკაშვილი, იყო დიდი, მეორე მხრივ, იყო იმის შიში, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა არ გამხდარიყო დესტაბილიზაციის წყარო. თვითონ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია.

  • თქვენ წეღან თქვით, უკრაინამ გვითხრა, რომ “ჩვენს სამართალს არ ენდობა”. როცა ხელისუფლების შიშზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, რამდენად ენდობა ჩვენს სამართალს საერთაშორისო საზოგადოება? ისინი მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტები.

გია ხუხაშვილი: რა შუაშია საერთაშორისო პარტნიორები? კი, ბატონო, ისინი ამას აცხადებენ, მაგრამ რა, ჩვენი სამართალი არ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში? თვითონ ეჭვი ეპარება? სხვა რას ფიქრობს ერთია, შენ თუ მხარედ დგახარ და დარწმუნებული ხარ, რომ შენ სამართალს წყალი არ გაუვა, რატომ უნდა გეშინოდეს?

  •  მისი ექსტრადირების თემა დღესაც აქტუალურია…

გია ხუხაშვილი: ეს უკვე ზღაპრებია. ზღაპრებით ცდილობს ხელისუფლება, რომ ცუდი თამაშის პირობებში სახე შეინარჩუნოს და დიდ სისულელეზე საუბრობს. ჩვენი ერთადერთი შანსი იყო სააკაშვილი მიგვეღო უკრაინიდან. ევროკავშირიდან სააკაშვილის ექსტრადირება, უბრალოდ, გამორიცხულია. ამას დიდი ექსპერტობა არ უნდა. აქედან გამომდინარე. ეს წასულ მატარებელზე შეხტომის მცდელობა გათვალისწინებულია გაუნათლებელ “ობივატელზე”,  ვიღაცის მოტყუების უხარისხო მცდელობებია.

 

 

თაკო ივანიაძე