LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი მანევრი და კეფაზე დაეცემა“ – მგზავრობისთვის საშიში, გადახრილი ავტობუსები

242

ტექნიკური გაუმართაობისა  თუ მგზავრების რაოდენობისგან მკვეთრად გადახრილი ყვითელი ავტობუსები თბილისის ქუჩებში იშვიათობას არ წარმოადგენს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარვეზი განსაკუთრებით თვალშისაცემი დილის საათებშია,  როცა ფეხზე მდგომი  მგზავრების დიდი რაოდენობა ავტობუსის ერთ მხარეს არის კონცენტრირებული.

რამდენად სახიფათოა წონასწორობა დარღვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, ამ საკითხზე „ფორტუნასთან“  ავტოექსპერტმა, დემურ აფციაურმა, ისაუბრა.

„აღნიშნული მოდელის ყვითელი ავტობუსები არის მოკლე და მაღალი,  შესაბამისად, საავარიო სიტუაციებში გადაბრუნების საფრთხე ისედაც მაღალია. როცა მგზავრთა რაოდენობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავტობუსი მკვეთრად არის გადახრილი რომელიმე მხარეს, მოსახვევში ოდნავ სწრაფად შესვლის ან საავარიო სიტუაციაში სწრაფი მანევრირების დროს, თამამად შეიძლება, კეფაზე დაეცეს.  ტექნიკურ ხარვეზებიდან გადახრის მიზეზი შესაძლოა, აირბალიშის ან რესორების გაუმართაობა იყოს. გააჩნია, რომელი მექანიზმი აქვს  კონკრეტულ ავტობუსს. აირბალიშების შემთხვევაში, ხდება ჰაერის გაპიარება  და წონასწორობის  დარღვევა, რესორების შემთხვევაში, ავტონაწილი ტყდება  და მხოლოდ შეცვლას ექვემდებარება. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება ფინანსურად და ტექნიკურად შრომატევადი საქმეა,  რაც, სავარაუდოდ, არ ხდება და ავტობუსები დადიან გადახრილი,“ – ამბობს დემურ აფციაური.

 „როგორც ჩანს, ავტობუსს მოძრაობისას  დაუზიანდა სავალი ნაწილი  და ბოლო გაჩერების შემდეგ, აუცილებლად შესაკეთებლად წავიდოდა,“ – ასე ხსნის ქალაქში გადახრილი ავტობუსების მოძრაობას  ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე.

ფაქტს, რომ ავტობუსები მოძველებულია და პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის გადაყვანა გართულებულია, თავადაც აღიარებს.

„ავტობუსები ძალიან ძველია,  ამოწურულია ექსპლუატაციის ვადა და აუცილებელია მათი ჩანაცვლება. ხშირად ფუჭდება. გადახრის მიზეზია რესორი, რომელიც ტყდება. მძღოლი მგზავრებს გზაში არ ტოვებს, მიდის ბოლო გაჩერებამდე და შემდეგ მიდის სარემონტოდ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა აუცილებლად, რესორის გაუმართაობა ავარიის საფრთხეს არ ქმნის. პიკის საათებში  ავტობუსებს გადატვირთვაზეც ვფლობთ ინფორმაციას. ამჟამად 530 ავტობუსი მუშაობს,  როცა მოთხოვნა 800-ზეა,“  – ამბობს „ფორტუნასთან“ ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი.

რამდენად უსაფრთხოა ექსპლუატაცია ამოწურული ტრანსპორტით მოძრაობა, თუნდაც კონკრეტული ავტონაწილის გაუმართაობა ავარიის საფრთხეს არ ქმნიდეს, თავად განსაჯეთ. მოძველებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება  ეტაპობრივად ხდება. ავტოპარკის სრულ განახლებამდე  კი მოქალაქეთა ნაწილს  პერიოდულად  გვერდულად წამოწოლილს მოუწევს მგზავრობა.

 

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები