LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი მიზეზით დამწვარი ათეულობით ობიექტი – ხანძრით დაზარალებული ბიზნესი

ერთი მიზეზი და უამრავი ხანძარი – საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში „გაუფრთხილებლობით“, მრავალი შენობა და მათ შორის, ძალიან ბევრი სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა თუ სხვა ობიექტი დაიწვა.

თითქმის ყველა შემთხვევაში ხანძრის გამომწვევ მთავარ დამნაშავედ ელექტრო გაყვანილობა სახელდება. ასევე, უმრავლეს შემთხვევაში, პირველი დღიდანვე ჩნდება ეჭვები ხელოვნურ ხანძართან დაკავშირებით.

 

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

გუშინ მომხდარი ბოლო შემთხვევა – ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მოულოდნელად გაჩენილი ძლიერი ხანძარიც არაა გამონაკლისი.

ღამით, 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ცეცხლის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდათ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა სურდათ, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ.

თბილისის გენერალურ გეგმაში, მართლაც არის რეკომენდაცია ელიავას ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის და მის ადგილზე პარკის აშენების შესახებ, თუმცა ეჭვები ამის შესახებ გუშინვე უარყო დიდუბის გამგებელმა რიმა ბერიძემ.

„ფორტუნა“ გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობებზე მომხდარ შემთხვევებს და მის შედეგებს:

 

2017 წლის 30 იანვარი – “ბავშვთა სამყარო”

ბავშვთა სამყაროსთან – ე.წ. ოქროს ბირჟის შენობა მთლიანად დაიწვა. შენობა ამ დრომდე უფუნქციოა. იქ მომუშავე ადამიანების ნაწილი, კიდობნის შენობაში გახსნილ ახალ სავაჭრო ცენტრში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი კი ელექტროობაა.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი.

ხანძარმა მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კონპენსაციის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ამ მოთხოვნით, “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები ამ დრომდე მართავენ აქციებს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამოძიება ჭიანურდება.

 

1.2012 წლის 15 ნოემბერი – ,,ლილოსბაზრობა

განადგურდა დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი. ხანძრის შემდეგ, ლილოს ბაზრობა გადაკეთდა „ლილო მოლად“.

 

2013 წლის 26 თებერვალი – სავაჭრო ცენტრი „საბა“

დაიწვა 7 000 კვ.მ. ფართობი. სავაჭრო ცენტრის მფლობელი, რომელსაც ნაციონალებმა, თავის დროზე, ქონება წაართვეს ხანძარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს, თუმცა ოფიციალური ვერსია ამ დროისთვისაც არ არსებობს.

2014 წლიდან სავაჭრო ცენტრი საბა განახლდა და დამწვარი დახლები სრულად აღდგა. იმ 7 ათას კვადრატულ-მეტრზე, რომელიც ხანძარმა შეიწირა, 3-სართულიანი ევროსტანდარტების შენობა აშენდა, რომლის საერთო ფართიც 21 ათასი კვ.მ-ია. განახლებული “საბა” სათვალთვალო კამერებით, 24-საათიანი დაცვით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემითაა აღჭურვილი.

შენობის აღდგენა 9 მლნ დაჯდა. ახლა “საბაში” ყველა მოვაჭრე დაზღვეულია.

 

2013 17 ივლისი – გასართობი კომპლექსი “ევროპარკი

ხანძრის შედეგად 1000 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აკვაპარკში ხანძარი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

აკვაპარკი სადაზღვეო კომპანია „ალდაგში“ იყო დაზღვეული. ევროპარკი აღდგა და მისი ფილიალები ახლა ბათუმსა და ქუთაისშიცაა.

საყურადღებოა, რომ იმავე წლის 22 აგვისტოს თბილისის ზღვაზე აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ გაიხსნა, რომელმაც სანამ ევროპარკი აღდგა, მისი კლიენტები მიიზიდა.

 

ბაზრობები:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხანძარი არაერთ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა ე.წ. დეზერტირების ბაზარი, ხანძარს შეეწირა ისნის ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, ელიავას ბაზრობა, ზესტაფონის ბაზრობა და ბათუმის ხოფის ბაზრობები.

2014 25 აგვისტო – სენაკის ბაზრობა

სენაკის ბაზრობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრის ფართობს ეკიდა. ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები აფრთხილებდნენ.

ხანძრის შედეგად დაიწვა, დაახლოებით, 250-მდე მოვაჭრის საქონელი.

ბაზრის მფლობელი, სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

 

2014 16 სექტემბერი – “ბოშათა“ ბაზრობა

ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის #198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ ხანძარი მომხდარი ქურდობის კვალის დასაფარად განზრახ გააჩინეს.

ხანძრის შემდეგ ბაზრის მოპირდაპირე მხარეს ახალი კომერციული ფართები აშენდა.

 

2014 7 დეკემბერი – ხოფას ბაზრობა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილი ცეცხლი 600 კვ/მეტრზე გავრცელდა.

 

2015 21 იანვარი – “ისნისბაზრობა

ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ.

ამ სიას გუშინ დაემატა დამწვარი „ბავშვთა სამყარო“, რომლის მოვაჭრეები ხანძარს უბედურ შემთხვევად და გაუფრთხილებლობას ნამდვილად არ უკავშირებენ.

 

ხანძარი არა მხოლოდ ბიზნეს ობიექტებში ჩნდება

ამავე მიზეზით, ხანძარი არა მხოლოდ სავაჭრო და კომერციულ ობიექტებში გაჩენილა. მოკლე ჩართვის გამო, არც ისე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში.

ხანძრის შემდეგ შენობა გაიყიდა ეკონომიკის სამინისტრო ახალ შენობაში გადავიდა. ძველი შენობა კი სასტუმროს განთავსების ვალდებულებით, ჩინურმა მსხვილმა კომპანიამ იყიდა.

 

ტყის ხანძრები 2012 წლამდე

ასევე, ერთი პერიოდი გახშირებული იყო ტყის ხანძრები. თუმცა ასეთი შემთხვევები ხშირი 2012 წლამდე იყო. საქართველოში გახშირებულმა ტყის ხანძარმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ექსპერტებს სამართლიანი ეჭვი გაუჩნდათ. ზამთრის ხანძარი, ეს ის იშვიათი სტიქიაა, რაც მხოლოდ საქართველოში იძლევა ბოროტი საქმეების მიჩქმალვის შესაძლებლობას. სპეციალისტები მომხდარს უკანონოდ გაჩეხილი ხეების კვალის დაფარვის მცდელობად მიიჩნევენ. მათი აზრით, ამ საქმეში ცალკეული რეგიონის ადგილობრივი მმართველები სცოდავენ და საუკუნეების განმავლობაში გაზრდილ ტყეებს ცეცხლისთვის იმეტებენ. დუშეთის რაიონის, ბარისახოს ტყეები, ბორჯომ-ბაკურიანის პარკი, ყვარლის, სურამის, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის ტყეები – ეს არასრული ჩამონათვალია, სადაც ხანძრის სტიქიამ ამ მოკლე ხანში ჰექტრები მოიცვა.

ტყის გაჩეხვები კი ამ პერიოდისთვის განსაკუთრებულ ადგილებზე მაღალჩინოსანთათვის მდიდრული სასახლეების აშენებასთანაა დაკავშირებული.

წარსულის გამოცდილება

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი რომაა, ამ შემთხვევაშიც სიმართლეა. პირველი და ყველაზე მასშტაბური ხანძარი თბილისში, ოპერაში 1847 წლიდან რამდენჯერმე გაჩნდა. წლების შემდეგ დადგინდა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინა დასის ოპოზიციურმა ნაწილმა, რომლებიც შესაბამის როლებს ვერ იღებდნენ.

 

წარსულის ამ გამოცდილებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველთვის არა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში – ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. 

კვალს კი ხშირად პირად ან პოლიტიკურ დონეზე დაპირისპირებამდე მივყავართ. თუმცა გამოძიება არასდროს სრულდება.

თუკი ყველაფერს შემთხვევითობას მივაწერთ, აღმოვაჩენთ, რომ შენობებში, ძირითადად, გაუმართავი ელექტრომოწყობილობებია. ამასთან, გაზის სისტემები ხშირად არასწორადაა დამონტაჟებული. ობიექტებზე პირველადი დახმარების საშუალებებიც არ არსებობს.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე კი ერმა აუცილებლად უნდა „შეიძინოს“ ახალი კულტურა – საკუთარი საქონლის თუ ბიზნესის დაზღვევა, რაც შემთხვევითობის, თუ გამიზნული ბოროტების მძიმე შედეგებს შეამცირებს.

 

თამთა უთურგაშვილი