LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი, ორი და საქართველო ევროპაშია: ნაკრებმა პირველობა გაინაღდა

62

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი უკვე მოიგო. ორი ტურით ადრე ჩვენი გუნდი მიუწვდომელია და თან ამას ულაპარაკოდ აკეთებს – იგებს შინ და გარეთ, იტანს და აქეთ კი არ უშვებს გოლს. თამაშობს სხვადასხვა შემადგენლობით, ლიდერების დანაკლისით და მაინც იგებს და იგებს.
კარგის და საქებარის მეტი აბა რა გვეთქმის, თუმცა ახლა მთავარი მაინც საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო – ორად ორი თამაში რჩება მოსაგები და დაუჯერებელი ოცნებაც ახდება – საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. იმ საპლეიოფო ორ მატჩში უპირატესობა რომ მოვიპოვოთ, ამისათვის საჭიროა ჯგუფის დარჩენილი ორი თამაში არ მივაფუჩეჩოთ. მოგეხსენებათ, ნახევარფინალი ერთმატჩიანია და ჯგუფში უკეთესი შედეგის მქონე გუნდის მოედანზე გაიმართება. ახლა საუკეთესოები ოთხი ჯგუფიდან სწორედ ჩვენ ვართ და ბარემ ნუღარ გავანიავებთ ამ უპირატესობას.
გვჯერა ნოემბრის შეხვედრებში ასეც იქნება. 15 ნოემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორას ესტუმრება, 19 ნოემბერს კი, „დინამო არენაზე“ ყაზახეთს უმასპინძლებს.

 

რიგის „დაუგავას“ სტადიონზე შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და 3:0 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა, მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიტანა. გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა აქტიური შეტევები განაგრძო და 29-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძის გამოზომილი პასით მეკარესთან პირისპირ ვაკო გვილია დარჩა და შედეგიანი დარტყმა შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და მატჩის მსვლელობას ჩვენი გუნდი აკონტროლებდა. 61-ე წუთზე, მოედნის ცენტრში გათამაშებული, დვალი-ყაზაიშვილი-აბურჯანიას, სამსვლიანი კომბინაციის შედეგად ბურთი გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა ერთა ლიგის D ზონის ნახევარფინალური ეტაპის საგზური. ჩვენი გუნდი ერთადერთია D ზონაში, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

 

 

ლატვია 0:3 საქართველო

რიგა, „დაუგავა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, კანკავა (34’ აბურჯანია), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (89’ ზარანდია), მერებაშვილი (80’ ჯიღაური), გვილია, დვალი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, კვერკველია, კიტეიშვილი, ანანიძე, კაჭარავა, ტაბიძე, ჭანტურიშვილი, ნავალოვსკი

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

გოლები: 0:1 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები