LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება – პროკურატურა

60

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარ გიორგი ზავრაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამასთან, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილება მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის საქმეზე მიიღო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჩამოართვეს მისი კუთვნილი კომპანიის ვერტმფრენები და საფრენი აპარატები და გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს უკანონოდ.

„დეპარტამენტმა პოლიტპატიმარ გიორგი ზავრაშვილის საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ზავრაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი და მონაწილეობას იღებდა 2007 წლის ნოემბერში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

„სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გიორგი ზავრაშვილის დაკავება. 2007 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, როდესაც გიორგი ზავრაშვილი ძმას და მეზობლებს ესაუბრებოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი მოტყუებით ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული თითქოსდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გიორგი ზავრაშვილი ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი ზავრაშვილი გასამართლებულ იქნა 2008 წლის 23 მაისს და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ყველა სამართლებრივ გზას მიმართა მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად, რომელსაც 2011-2012 წლებში ქონება დაათმობინეს და უკანონოდ გაასამართლეს.

„ნოდარ კაკაბაძეს დაფუძნებული ჰქონდა შპს „FLY ADJARA“, რომლის ძირითად საქმიანობას  საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენდა.

2010 წლის ოქტომბერში შპს „FLY ADJARA“ უცხოელ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორ სახელმწიფოს შორის, შესაბამისი ნებართვით საბრძოლო ვაზნების  საჰაერო გადაზიდვას ახორციელებდა, რა დროსაც საწვავის ავსების მიზნით დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. სწორედ ამ დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ხომალდის ეკიპაჟის წევრების და შპს „FLY ADJARA“ დამფუძნებლის ნოდარ კაკაბაძის დაკავება იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ისინი ახორციელებდნენ საბრძოლო მასალის ტრანზიტით უკანონო გადაზიდვას.

პატიმრობაში მყოფ ნოდარ კაკაბაძეს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების დათმობას სთხოვდნენ. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ნოდარ კაკაბაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან დატოვა საპატიმრო.

აღნიშნულის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ანგრებიდან შპს „FLY ADJARA“ და მასთან დაკავშირებული კომპანიის კუთვნილი საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ საბრძოლო მასალის გადაზიდვა მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

„ამასთან გამოძიებით გამოიკვეთა თავდაცვის სამინისტროს ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების უკანონო დაინტერესება ნოდარ კაკაბაძის მსჯავრდების და მისი კომპანიის ქონების ხელში ჩაგდების თაობაზე. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

რაც შეეხება უკანონო ჩამორთმეულ ქონებას, 2017 წლის ივნისში პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე  შპს ,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.

დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს  59 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, ამათგან 13 მათგანი ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს. 40 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი აქვს,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები