LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის “ნინიას ბაღი”, როცა უნდა არ მოვიდეს, ან საშიანაო დავალება არ მოიტანოს – სერგი კაპანაძე იოსებ სიგუაზე

92

“შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას მოუწევს აქ მოსვლა, როცა ის უკეთ იქნება, თუ ის მართლაც ცუდად არის,’ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძე გამოეხმაურა შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას დაუსწრებლობას და აღნიშნა, რომ მისი დღევანდელი საქციელი უპატივცემულობაა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ჩვენ მისგან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია თუ რატომ არ არის დღეს აქ. ეს არის უპატივცემულობა და კანონის დარღვევა. ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ეს. ეს არ არის “ნინიას ბაღი”, როცა უნდა არ მოვიდეს, ან საშიანაო დავალება არ მოიტანოს. ბატონ იოსებს მოუწევს აქ მოსვლა, როცა ის უკეთ იქნება, თუ ის მართლაც ცუდად არის,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძის ინფორმაციით, იოსებ სიგუა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სხდომას.

„როგორც ვიცი, მას სიცხე აქვს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც მან თქვა, გუშინაც შეუძლოდ იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ მობრძანდება,“ -განაცხადა შალვა ბედოიძემ.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

კომისიის სხდომა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენით უნდა განახლებულიყო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ირაკლი ფიფია და შალვა ბედოიძე გამოცხადნენ.