LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არჩევნები იყო ერთი ადგილის დატოლება“ – რატომ რჩება საზოგადოება მუდმივად იმედგაცრუებული

ნეგატივზე აწყობილი კამპანია, მოკლე დროში მიღებული შედეგები და ინფორმაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, რომელსაც არჩევანის გაკეთება ერთმანეთის დადანაშაულებაში გართულ პოლიტიკურ ძალებს შორის მოუწია. ასეთი იყო საარჩევნო კამპანია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საკმაოდ ნეგატიურად შეფასდა.

ნეგატიური პოლიტიკური პროცესები ცუდ გავლენას ახდენს, როგორც მოსახლეობაზე, ისე პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ ველზე. თუ მსგავსი ტენდენცია დამკვიდრდება და ეს ერთჯერადი არ იქნება, კანდიდატებს, რომლებსაც ამ „თამაშში“ ჩართვა არ სურთ, შესაძლოა, პოლიტიკაში მოსვლაზე უარი თქვან და ისედან მცირე არჩევანი კიდევ უფრო შეიზღუდოს.

მუდმივმა ნეგატივმა უკვე იმოქმედა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე და ამას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნაწილიც მოწმობს, სადაც ამბობს, რომ მათ მიერ არჩეულ კანდიდატებს შორის „ლაფში გასვრა არავის უნდოდა“.

„ისეთი იმედგაცრუებული იყო კვირიკაშვილი. ერთ დღესო სამმა კანდიდატმა მითხრა უარიო, სახე აღარ ჰქონდა კვირიკაშვილს. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა. აბა რას იტანს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, როგორ მოიხსენიებენ ამ ქალბატონს. ეს ნორმალურია? ასე არ შეიძლება, ასე დავანგრევთ ყველაფერს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

„ეს არჩევნები იყო ერთი ადგილის დატოლება“

კონკურენტებისთვის ლაფის მისხმა, მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ძალების მთავარი მიზანი იყო – ამას ადასტურებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.

თუ ამდენი ნეგატივისგან საზოგადოება დაიღალა, ეს არც პოლიტიკურ კულტურაზე აისახება დადებითად და არც ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაშინ რატომ შედიან პოლიტიკოსები ისევ ამ „ლაფში“? ექსპერტები ამბობენ, რომ აქ დიდ როლს თამაშობს, წინასაარჩევნო პერიოდი და დრო, რომელიც ცოტაა…

„იმისათვის, რომ პოზიტიური კაპანია აწარმოო და სხვადასხვა საკითხები დისკუსიაში გადაიტანო, ამას სჭირდება გარკვეული დრო. უნდა წარადგინო შენი პროგრამა, ხედვები, პლატფორმა და ა.შ.

იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანია გვიან დაწიყო და ფაქტობრივად, ერთი თვეც კი არ იყო იმისთვის, რომ კამპანია ჩატარებულიყო, აქედან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სწორედ ნეგატივი და მისი კონკურენტების დამცრობა აირჩია ტაქტიკად და არა საკუთარი ხედვების გაშლა. ამ მოკლე პერიოდში, საკუთარი გეგმების შესახებ, რასაკვირველია შეუძლებელი იქნებოდა, ინფორმაციის მიწოდება.

დღეს იყო დატოლება „ერთი ადგილის“ ვის უფრო დიდი აქვს ის ერთი ადგილი, რომ აწარმოოს უარყოფითი კამპანია, ვის უფრო მეტი შესაძლებელობა აქვს მეტი ლაფი მიასხას კონკურენტს,“ – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.

ნეგატიურ კამპანიას ხელი შეუწყო იმანაც, რომ დამოიკიდებელ კანდიდატს, დიდი ხანი არ დაუჭირა მმართველმა გუნდმა მხარი და მან ძალიან გვიან დაიწყო საკუთარი თავის ხალხისთვის გაცნობა.

„ასეთი ცნება არსებობს „მართე შენი იმიჯი, თორემ ამას გააკეთებენ სხვები“. ასე მოხდა ზურაბიშვილის შემთხვევაში. იმდენი ხანი არ დაიწყო ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებაში ინფორმაციული შიმშილი იყო და ამ დროს საზოგადოება ან თვითონ იგონებს ან სხვის მიერ შეთავაზებულ თუნდაც ცრუ ინფორმაციას მარტივად იღებს. შემდეგ მთელი კამპანიის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს უწევდა ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა –  „იმან რომ ეს თქვა… თქვენ რას იტყვით,“ – განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპის“ დამფუძნებელმა და პიარ კონსულტანტმა ელდარ პირმისაშვილმა „ფორტუნასთან“.

 

ნეგატივით ნაკვები ქართული საზოგადოება

ელდარ პირმისაშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ნეგატივით კვებავენ. გარდა იმისა, რომ საზოგადოება ამას შეჩვეულია და უფრო მარტივად იღებს, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ამომრჩევლების დიდ ნაწილს გადაუწვეტელი ადამიანები შეადგენენ, რომლებსაც სჭირდებათ ბიძგი, არჩევნებზე წასასვლელად.

„ეს არჩევნები ძირითადად პროპაგანდისტული იყო. ორივე მხრიდან გამოიყენეს ეს მიდგომები. ამ მიდგომებს იყენებენ იმიტომ, რომ მას აქვს მოკლევადიანი ეფექტი. ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება კვლევებს. საქართველოში ამომრჩევლების უმრავლესობა გადაწყვეტილებას იღებს ბოლოს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში ამომრჩევლების 30%-მდე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდათ. ამას ვუწოდებთ ლატენტურ ამომრჩეველს, რომელსაც სჭირდება რაღაც ბიძგი იმისთვის, რომ წავიდეს არჩევნებზე, საქართველოში ძირითადად სჭირდებათ ნეგატიური ბიძგი.

რეკლამები როგორი იყო? უარყოფითი – „თუ არ გინდათ“ – ასე იწყებოდა.

ფაქტია, რომ ამ ნეგატივით ნაკვებმა საზოგადოებამ, ეფექტი ნახა და არჩევნებზე წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად, ნეგატიური კამპანია კარგი ეფექტის მომცემი არაა.

წინა არჩევნების დროს, ასეთი ბიძგი იყო ციხის კადრები, რამაც გადაწყვიტა არჩევნების ბედი.

ეს ახალი ტრენდი არ არის. სულ იყო ჩანაწერები. ძველმა ხელისუფლებამ ამ „რაღაცეებით“ მთლიანად მოიშორა ოპოზიცია, მაგალითად ხელისუფლებამ თქვა ლევან ბერძენიშვილი აგენტია, ჩანაწერები გამოუქვეყნა და ამან ძალიან კარგად იმუშავა,” – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.

მარტივად საწარმოებელი ნეგატიური კამპანიის დროს, არც პროგრამას, არც დაპირებებს ან მის სისწორეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, განსხვავებით დადებითი კამპანიისგან, რომელიც „კარგი დაპირებების“ შეჯიბრებითობის პრინციპისგან შედგება.

„პოზიტიური კამპანია, ეს არის მომზადებული კანდიდატები, ყველა მიმართულებით, სწორად ჩატარებული კვლევები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს ის მთავარი საკითხები, რომელიც ადარდებს ამომრჩეველს და რასაკვირველია, გარკვეული ფასეული შეთავასება არსებულ მდგომარეობაში, რას და როგორ სთავაზობს ესა თუ ის კანდიდატი, რას პასუხობს ამომრჩევლის მოლოდინებს.

პოზიტიური კამპანიის მანიშნებელი არის შეჯიბრებითობის პრინციპიც, მაგალითად ამა თუ იმ საკითხზე, კანდიდატების ნააზრევი, ფიქრი, ხედვა, სტრატეგიული მიმართულებები, რითი სჯობნის მეორე კანდიდატს,“ – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა „ფორტუნასთან“.

კახა კალაძე – გამონაკლისი, პოზიტიური კამპანიით

ელდარ პირმისაშვილის განცხადებით, ქართული რეალობიდან აღსანიშნავი და გამორჩეული იყო ბოლო თვითმმართველობის არჩევნები.

მისი თქმით, ამ არჩევნებზე, დასამახსოვრებელი იყო თბილისის მერის კახა კალაძის პოზიტიური პიარ კამპანია, რომელმაც სასურველი განწყობები შექმნა და შედეგიც დადო.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიღებულია, რომ ნეგატიურ პიარს საზოგადოება უფრო კარგად იღებს, ვიდრე დადებითს. თუმცა თუ გავიხსენებთ თბილისის მერის კანდიდატებს, ვნახავთ რომ კახა კალაძეს მკვეთრად პოზიტიური პიარ კამპანია ჰქონდა და ამან გაჭრა კიდეც.

საბოლოო ჯამში, კონკრეტულ პოზიციაზე გამარჯვებულ კანდიდატს, მაინც საზოგადოების დაკვეთის შესრულება უწევს, ასე რომ, პოზიტიური კამპანია გრძელვადიან პერიოდში უფრო დადებით შედეგებს იძლევა.

გარდა იმისა, რომ დადებითი კამპანია აუცილებლად უნდა იყოს ბექგრაუნდით. მაგალითად, თვითმმართველობაზე კალაძემ დაიწყო კამპანია იმით, მანამდე რაც იყო: “მე წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი” – ეს იყო ძალიან კარგი გზავნილი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა.

მეორე, ეს არის სიმულაცია – მან ადამიანებს შესთავაზა გმირთა მოედნის სიმულაცია და დაანახა – “მე ასეთ რამეს გავაკეთებ,“ – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში. 

 

იმედგაცრუების მიზეზი ქართულ საზოგადოებაში

ექსპერტმა სოსო გალუმაშვილმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი კამპანია პოლიტიკური კულტურის კრახი იყო. ამაში გალუმაშვილი არასამთავრობო სექტორსაც ადანაშაულებს.

 „წლევანდელი კამპანია ფაქტობრივად, პოლიტიკური კულტურის არა ჩამოყალიბებას, არამედ სრულ მსხვრევას ემსახურებოდა.

რაც შევნიშნე ხარვეზი, ეს ეხება სამოქალაქო სექტორსაც, ისინი ძალიან პასიურები იყვნენ. არასამთავრობოები, რომელებიც მოწოდებული არიან, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას შეუწყონ ხელი, გახდნენ პოლიტიკური ნარატივის ნაწილი, მათი ხმა ამ მხრივ ფაქტობრივად არ ისმოდა,“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.

გარდა იმისა, რომ ეს პროცესები პოლიტიკურ ველს აზიანებს, სწორედ ასეთი კამპანიები იმის მიზეზია, რომ საზოგადოებაში პოლიტიკოსებისადმი ნდობა დაბალია და ხალხი მუდმივად იმედგაცრუებულია.

„ამ ნეგატიური კამპანიის შედეგია ზუსტად ის, რომ ვიღაცას ავირჩევთ და მერე ვიძახით: აუ ეს არ გვინდოდა, ეს იმას არ აკეთებს.

აი მაგალითად, ახლა საზოგადოებას ჰგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა გაზარდოს პენსიები. არჩეული კანდიდატი იტყვის, რომ ეს პრეზიდენტის ფუნქცია არ არის და დაიწყება იმედგაცრუებები და აღშფოთება.

ამ პროპაგანდის რეჟიმში, ადამიანები რჩებიან უკმაყოფილო, ხდება მკვეთრი პოლარიზება, დაპირისპირება, რაც კარგს არაფერს აძლევს ქვეყანას და იწყება დაბნეულობა.

ორივე მხარეს აწყობდა ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა და მეორე მიზეზი იყო ის, რომ ამ ცოტა დროში, ვერ გააკეთებდნენ სხვას ვერაფერს,“ – განმარტავს ელდარ პირმისაშვილი.

პიარ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურშიც მსგავს უარყოფით კამპანიებს უნდა ველოდოთ.

მათი განცხადებით, თუ ეს პროპაგანდისტული და ნეგატიური კამპანიები დიდხანს გაგრძელდება, ამისგან ქვეყანა დადებითს ვერაფერს მიიღებს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები