LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო გაფრთხილება“ – რა ელით ელიავს ბაზრობის მოვაჭრეებს?

„ეს იყო გაფრთხილება“, „მთლიანად არ გაგვიმეტეს, არჩევნებია მაინც“, – საუბრობენ ეჭვებზე ერთმანეთში და დუმან მედიასთან.

ელიავას ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ცენტრთან დილიდან არიან შეკრებილები და უსაფრთხოების სამსახურისგან ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ელოდებიან, საუბრობენ ზარალზე, კომპენსაციების თემაზე და არაფერს ამბობენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე. ერიდებიან მედიასთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კონტაქტს.

სცენარი იგივეა, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მაღაზიების დაკეტვის შემდეგ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20-მდე მაღაზია.  ბაზრობის დირექტორის განცხადებით, მოვაჭრეების ნაწილს ქონება დაზღვეული ჰქონდა, დაზღვეული იყო შენობაც. მოვაჭრეთა რაოდენობა, ვინც არ იყო დაზღვეული, მცირეა. გაჩნდა იმედი,  რომ თანხის რაოდენობიდან გამომდინარე, მოვაჭრეები კომპენსაციას მიიღებენ და გუშინდელი ღამისგან განსხვავებით, თავის ეჭვებზე ღიად აღარ საუბრობენ.

„10 000-მდეა პირადად ჩემი ზარალი, ბანკიდან  სესხი მაქვს გამოტანილი,  არც მაღაზია მქონდა დაზღვეული. მანქანის სავალი ნაწილებით ვვაჭრობდი. ვიცი, რომ ჩემი მაღაზია დაიწვა. გუშინ, ხანძრის დროს დავინახე, შუშები ჩამსხვრეული იყო და ცეცხლი ეკიდა. მთლიანადა დაიწვებოდა პროდუქცია,“ –  უყვება „ფორტუნას“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

თბილისის ბაზრობებზე გაჩენილი სხვა ხანძრებისგან განსხვავებით, ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი არა კუსტარული წესით ნაგებ ჯიხურებში, არამედ ახალ სავაჭრო ცენტრში გაჩნდა.

მოვაჭრეები და ადმინისტრაციის დირექტორი სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების ნორმების დაცულობაზე თამამად საუბრობენ.

„ახალი სავაჭრო ცენტრია და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით არის აშენებული. ხანძრის დეტექტორებიც იყო მაღაზიაში და სახანძრო სტენდებიც გვქონდა. დაცვაც გვყავდა მთელი ღამე,“ – ამბობენ „ფორტუნასთან“ მოვაჭრეები.

რატომ გაჩნდა თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძარი,  ამაზე ოფიციალურ პასუხს იმედია, საგამოძიებო სამსახურები გასცემენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ტერიტორიაზე დღეს დილიდან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.  უსაფრთხოების სამსახური სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არცერთ დაზარალებულს არ აძლევს.

 „არ შეიძლება ადამიანთა უბედურებაზე პოლიტიკური ქულების დაწერა და არ ვაპირებ ბრალდებებზე საუბარს, რადგან, პირველ რიგში, დაზარალებული ადამინების პრობლემებია მოსაგვარებელი, მათი ინტერესებია დასაკმაყოფილებელი. შევძელი, მენახა დამწვარი ტერიტორიის ნაწილი და წინასწარი დათვალიერებით, ძირითადად საბურავებისა და ავტონაწილების მაღაზიებია დამწვარი.  რამდენიმე მაღაზია სრულად არის დამწვარი,  ნაწილი დაზიანებულია,“  -განაცხადა რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა.

დამწვარი ტერიტორი მოინახულა ბაზრობის დირექტორმა, გოჩა ხეცურიანმაც. ადმინისტრაციის დირექტორს ისევე, როგორც მოვაჭრეებს, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ სურს.

„რატომ მოხდა ხანძარი, გამოძიება იტყვის. შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, ამას ვადასტურებ. რატომ გაჩნდა ხანძარი, გამოძიება იტყვის,“ – აცხადებს გოჩა ხეცურიანი.

დაზარალებულებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა თბილისის მერი, დავით ნარმანია. უცნობია ასევე, დაესწრება თუ არა მოვაჭრეებისა და გამგეობის საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც დღის მეორე ნახევარშია დანიშნული. რატომ არ მოინახულა არც ხანძრის ღამეს ტერიტორია და არც დღეს დაზარალებულები ქალაქის მერმა, ამაზე მერიის პრესსამსახურში ოფიციალურ განმარტებას ვერ აკეთებენ.

მიუხედავად მომხდარისა, ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გადატანის საკითხს კატეგორიულად არ განიხლავენ.  ტერიტორია, რომელიც ქალაქის განვითარების გენგეგმაში სარეკრეაციო ზონად არის მოაზრებული,  გუშინ ღამით ცეცხლის ალში იყო გახვეული. სწორედ ეს ფაქტორი ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან გამოითქვა.

 

გაფრთხილება თუ შემთხვევითობა  – ელიავას ბაზრობა ბოლო წლებში დამწვარი უკვე  რიგით მე-9  სავაჭრო ცენტრია.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები