LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია – მალხაზ მაჩალიკაშვილი

34

ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ, – ამის შესახებ თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. დღეს პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილების ოჯახში ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ჩავიდნენ.

„უნდა დავგეგმოთ როგორი იქნება ჩვენი პოზიციები, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშუალოდ, სანამ გოგაშვილი და სპეცრაზმელი არ დაისჯებიან. ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მანვე დღეს განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის საკითხზე.

„რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ეს არის აგორებული ტყუილი, რადგან სუს-მა დაინახა, რომ მთელი საქართველო და ხეობა ჩვენს გვერდით არის და ათას სისულელეს იგონებენ. ძალა ჩვენს ხელშია, ხალხის ხელშია და ხალხს ჩემი სიმართლის სჯერა,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად კუპრავას და ზაზა სარალიძეს ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სპეცოპერაციის ღამეს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მოგვიანებით კი, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

პანკისის ხეობაში ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე დღის ბოლომდე დარჩებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიაზე ისაუბრებენ.

“ქრონიკის” ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი სატელეფონო ამონაწერია. „ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული,“ – იუწყება „ქრონიკა“ .